
ოპოზიციის წარმომადგენლები: "საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს ქართველი ხალხი წყვეტს"
02/11/2020 13:00:34 საშინაო პოლიტიკა
ოპოზიციის ლიდერებსა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, "საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს ქართველი ხალხი წყვეტს".
“ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ეუთო–ს მისიის ხელმძღვანელისგან, რომ ინფორმაციის შეგროვება გრძელდება, ლეგიტიმურობის თემა ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. მან ეს ძალიან მკაფიოდ თქვა”, – განაცხადა “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
მსგავსი შინაარსის კომენტარი გააკეთა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა თინა ბოკუჩავამაც:
“ეუთო–ს მისიის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ჯილიან სტირკმა თქვა უმთავრესი რამ - რომ არჩევნების ლეგიტიმაციას და ვალიდურობას ადგენს ქართველი ხალხი… ხოლო ქართველი ხალხის განწყობას გამოხატავს დღევანდელი ქართული ოპოზიცია, რომელიც არის მეტად კონსოლიდირებული, ვიდრე ოდესმე და რომელიც ამბობს, რომ ეს არჩევნები არის არალეგიტიმური, არ ვცნობთ მას და ვითხოვთ ახალ არჩევნებს”.
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია და ვერც ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი მსგავს განცხადებას ვერ გააკეთებს.
"მე, როგორც ეუთო/ოდირის საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი (ორგზის), გიდასტურებთ, რომ არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ამას არ წყვეტს, ამას წყვეტს ქართველი ხალხი“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ იმ შედეგებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნება“, დიდი ალბათობით, ხელისუფლებას კოალიციის გარეშე დააკომპლექტებს. პარტიების აზრით, რომ არა დარღვევები, „ქართული ოცნება“ უმრავლესობაში ვეღარ მოვიდოდა. ოპოზიცია პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურებში მონაწილეობას არ აპირებს. ოპოზიციონერები რიგგარეშე არჩევნების გამართვას მოითხოვენ და მორიგი საპროტესტო აქციის ჩატარებას 8 ნოემბერს გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებმა რიგ დარღვევებზეც მიუთითეს:
„იყო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები. შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ საარჩევნო უბნებთან, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე იყო ბრალდებები, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ ხდებოდა“.
იხილეთ ასევე: ცნობილია, რომელი პარტია რამდენი დეპუტატით შევა მომავალ პარლამენტში