Accentnews.ge
ნათელაშვილი: "უარს ვამბობთ ყოველგვარ მანდატზე, მაგრამ ეს უნდა იყოს საყოველთაო"

ნათელაშვილი: "უარს ვამბობთ ყოველგვარ მანდატზე, მაგრამ ეს უნდა იყოს საყოველთაო"

02/11/2020 12:30:51 საშინაო პოლიტიკა

"ლეიბორისტების" ლიდერ შალვა ნათელაშვილის განცხადებით, პარტია საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს, თუმცა ეს გადაწყვეტილება საყოველთაო უნდა იყოს.

"მანდატებზე უარის თქმა არის აუცილებლად სწორი, როდესაც დაშვებულია ამგვარი ბოროტებები არჩევნების დროს, მაგრამ ეს - იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება საყოველთაო და ყველა ოპოზიციური პარტია უარს იტყვის მანდატებზე. თუ ისე მოხდა, როგორც 2008 წელს, როდესაც ჩვენ გვათქმევინეს უარი მანდატებზე, თვითონ შეცვივდნენ პარლამენტში და იქ უგალობდნენ ერთმანეთს ჰანგებს, ეს არის ხალხის "გადაგდება", მოტყუება და ამ შემთხვევაში არავითარი აზრი არ აქვს პარლამენტზე და მანდატებზე უარის თქმას! იმედია, "გრეჩიხას" და გამყრელიძის პრეცედენტი არ განმეორდება. ჩვენ უარს ვამბობთ ყოველგვარ მანდატზე იმ პარლამენტში, რომელიც შედგა ჩვენი ხალხის ცოდვით და უკანონობით, მაგრამ ეს უნდა იყოს საყოველთაო", - განაცხადა ნათელაშვილმა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ შედეგებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნება“, დიდი ალბათობით, ხელისუფლებას კოალიციის გარეშე დააკომპლექტებს. პარტიების აზრით, რომ არა დარღვევები, „ქართული ოცნება“ უმრავლესობაში ვეღარ მოვიდოდა. პარტიების ნაწილი პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურებში მონაწილეობას არ აპირებს და რიგგარეშე არჩევნების გამართვას მოითხოვს. ისინი მორიგი საპროტესტო აქციის ჩატარებას 8 ნოემბერს გეგმავენ.

პარლამენტში შესვლაზე უარი უკვე თქვა პარტია "ევროპულმა საქართველომ".

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებმა რიგ დარღვევებზეც მიუთითეს:

„იყო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები. შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ საარჩევნო უბნებთან, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე იყო ბრალდებები, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ ხდებოდა“.

იხილეთ ასევე: ცნობილია, რომელი პარტია რამდენი დეპუტატით შევა მომავალ პარლამენტში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S