
"დაუბალანსებელი ოქმები ყველა არჩევნებზე ფიქსირდება, ამგვარი ხარვეზები ხშირ შემთხვევაში ჩვენი კანდიდატების საზიანოდ იყო"
02/11/2020 14:40:36 საშინაო პოლიტიკა
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "დაუბალანსებელი ოქმები საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებზე ფიქსირდებოდა და ამის მიზეზი ადამიანური შეცდომაა".
ამასთან, კობახიძე ირმწუნება, რომ მსგავსი ხარვეზები ხშირ შემთხვევაში "ქართული ოცნების" კანდიდატების საზიანოდ მოქმედებდა.
"არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ოპოზიცია იყენებს დაუბალანსებელ ოქმებს. ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ დაუბალანსებელი ოქმები საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებზე ფიქსირდებოდა, რისი მიზეზიც ადამიანური შეცდომაა. ყურადღებას გავამახვილებთ იმ გარემოებაზეც, რომ ამგვარი ხარვეზები ხშირ შემთხვევაში ჩვენი პარტიისა და კანდიდატების საზიანოდ მოქმედებდა. ამასთან, ყველა ტექნიკური ხარვეზი, რომელიც ოქმებში ფიქსირდებოდა, ამჟამად ზუსტდება საარჩევნო ადმინისტრაციაში, რაც საარჩევნო პროცესში ფართოდ დამკვიდრებული პრაქტიკაა",- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, "ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები "ნიშნავს კაპიტულაციის გამოცხადებას მეორე ტურამდე".
"მათ კარგად იციან, რომ მეორე ტურში აგებენ ყველა არჩევნებს და მარცხის გაფორმებას ერიდებიან იმთავითვე. ჩვენი პარტია და საარჩვენო შტაბი ხვალიდან იწყებს მზადებას არჩევნების მეორე ტურისთვის და დარწმუნებულები ვართ ყველა საარჩევნო ოლქში დამაჯერებელ გამარჯვებაში", – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის: პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უარი განაცხადა.