Accentnews.ge
მარტო პარლამენტში

მარტო პარლამენტში

02/11/2020 15:27:27 ანალიზი

ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე მეორედ, საქართველოში პოლიტიკური პროცესები პარლამენტიდან ქუჩაში ინაცვლებს: 2 ნოემბრის მდგომარეობით, საარჩევნო ბარიერგადალახულმა შვიდმა პარტიამ უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე, ცსკ–ის შედეგები კი არალეგიტიმურად გამოაცხადა. ამ მოცემულობით, მეათე მოწვევის პარლამენტში სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი პარტია – მესამე ვადით ხელისუფლებაშენარჩუნებული „ქართული ოცნება“ იქნება წარმოდგენილი გარანტირებული 75 და მაღალი ალბათობით, +16 სადეპუტატო მანდატით - თუ ოპოზიციონერი კანდიდატების მიერ 16 მაჟორიტარულ ოლქში გასამართი მეორე ტურებისადმი ბოიკოტს გავითვალისწინებთ.

რაც შეეხება საარჩევნო ბარიერგადალახული კიდევ ერთი პარტიის – „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიციას, აქ ბუნდოვანებაა: პარტიის წევრმა გოჩა თევდორაძემ განაცხადა, რომ „პატრიოტები“ მანდატებზე ასევე უარს ამბობენ, კიდევ ერთმა წევრმა ადა მარშანიამ კი „აქცენტს“ გაუმხილა, რომ «მანდატებზე ჯერ არ უსაუბრიათ».

„არჩევნებს არ ვცნობთ ლეგიტიმურად, მანდატებზე კი ჯერ არ გვისაუბრია. ჩვენ ვფიქრობთ ბრძოლის მეთოდებზე. მანდატი მთავარი არ არის“,– განაცხადა მარშანიამ და 7 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე აქცია დააანონსა.

ოპოზიციის გადაწყვეტილების თაობაზე ანალიტიკოსების შეფასებები არაერთგვაროვანია: ნაწილი ფიქრობს, რომ ტოტალურ გაყალბებაზე საუბრის ფონზე ოპოზიციის რეაქცია ადექვატურია, ხოლო ნაწილი ხალხის საკმარისი საპროტესტო მასის მობილიზების პრობლემურობაზე, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებების შედარებით «სირბილეზე» მიუთითებს და ოპოზიციას ბრძოლის პარლამენტიდან გაგრძელებას ურჩევს.

ასეა თუ ისე, თუ გასულ წელს ოპოზიცია პარლამენტიდან მმართველი გუნდის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ გაცემული დაპირების გაუქმების შემდეგ გავიდა, ახლა, 2 ნოემბრის მდგომარეობით, იგი პარლამენტში აღარ შედის და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვს.

„20 ივნისს [„გავრილოვის ღამეს»] და 14 ნოემბერს [როცა ხელისუფლებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე უარი თქვა] ეგონათ, რომ ფონს გავიდნენ, მაგრამ ვერ გავიდნენ! ბრძოლა დაწყებულია!» – ასე უპასუხა ერთ–ერთმა ოპოზიციურმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ მმართველი პარტიის აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძეს, რომელმაც ოპოზიციის გადაწყვეტილება „კაპიტულაციად“ შეაფასა.

რაც შეეხება, ერთის მხრივ, საერთაშორისო დამკვირვებლების არცთუ ხისტ კრიტიკულ დასკვნებს, ხოლო მეორეს მხრივ მიზნის მიღწევის გზებს, ბობოხიძე ამბობს, რომ მთავარი ხალხის პროტესტია:

„საერთაშრისო საზოგადოება მხარს უჭერს ხალხს და არა პარტიებს თუ ხელისუფლებას. თუ ქართველი ხალხის პროტესტი იქნება, მათი ზომიერი განცხადებები ქართველი ხალხის მხარდაჭერაში ტრანსფორმირდება. მთავარია, პროცესი იყოს. ჩვენ ვეცდებით, ეს პროცესი დავაორგანიზოთ. ხოლო თუ ხალხი შეეგუება, ისინი ხელისუფლებასთან ურთიერთობას გააგრძელებენ“.

ამრიგად, უახლოეს პერიოდში თბილისის მასშტაბით რამდენიმე «ცხელი კერის» გაჩენაა მოსალოდნელი, ვინაიდან ბარიერგადალახული პარტიების გარდა, აქციებს აანონსებს რადიკალური ჯგუფი «ქართული მარშიც», თუმცა ამჯერად - ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც «ხმების ქურდობაში» ადანაშაულებს.

რამდენად შედეგიანი იქნება ოპოზიციის მიერ არჩეული ეს გზა - მომავალი აჩვენებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S