
"არჩევნების შედეგებისადმი ნდობის განსამტკიცებლად საჭიროა დარღვევების სათანადოდ გადაწყვეტა"
02/11/2020 18:25:58 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მიიჩნევს, რომ საქართველოში 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებისადმი ნდობის განსამტკიცებლად საჭიროა დარღვევების სათანადოდ გადაწყვეტა.
"მიხარია, რომ შაბათს ჩატარებულმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ქართველების ერთგულება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი. პანდემიის მიუხედავად, ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი იყო. საერთაშორისო დამკვირვებლების პირველადი შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული და თავისუფალი იყო. თუმცა არჩევნების შედეგებისადმი ნდობის განსამტკიცებლად საჭიროა დარღვევების სათანადოდ გადაწყვეტა. 31 ოქტომბერს გარე ძალების ჩარევის საგულისხმო შემთხვევები არ გამოვლენილა. დემოკრატიების ალიანსის ფონდმა ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიასთან იმუშავა, რათა დაენერგა ღირსეული, ეთიკური ციფრული კამპანიის პრინციპები, რაც მავნე ძალებს ჩარევისათვის ნოყიერ ნიადაგს არ მისცემდა. თუმცა ეს სიმშვიდისთვის არ კმარა. იმედი მაქვს, ქართული პოლიტიკური პარტიები გააგრძელებენ დემოკრატიის დაცვას ფრონტის წინა ხაზებიდან. მე კი განვაგრძობ საქართველოს ევრო-ატლანტიკური გზის მხარდაჭერას!", - წერს რასმუსენი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებმა რიგ დარღვევებზეც მიუთითეს:
„იყო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები. შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ საარჩევნო უბნებთან, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე იყო ბრალდებები, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ ხდებოდა“.
2 ნოემბრის მდგომარეობით, საარჩევნო ბარიერგადალახულმა შვიდმა პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე, ცსკ–ის შედეგები კი არალეგიტიმურად გამოაცხადა.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, უნდა მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და დაინიშნოს ახალი არჩევნები.
აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი.
იხილეთ ასევე: ცნობილია, რომელი პარტია რამდენი დეპუტატით შევა მომავალ პარლამენტში