
მტირალას ეროვნულმა პარკმა ტიტული „საქართველოს წამყვანი ეროვნული პარკი 2020“ მოიპოვა
03/11/2020 09:09:22 რეგიონები, რეკლამა
მსოფლიო ტურიზმის 2020 წლის World Travel Awards-ის რიგით 27-ე დაჯილდოებაზე მტირალას ეროვნულმა პარკმა ტიტული „საქართველოს წამყვანი ეროვნული პარკი 2020“ მოიპოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
მისივე ცნობით, მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ჯილდოს მისაღებად მტირალას ეროვნულ პარკს კონკურენციას ბორჯომ-ხარაგაულის, ყაზბეგის, კოლხეთისა და ლაგოდეხის ეროვნული პარკები უწევდნენ.
მტირალას ეროვნული პარკისთვის ხმის მიცემა 24 სექტემბრამდე მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ნებისმიერ მსურველს ღონისძიების ოფიციალურ საიტზე შეეძლო.
World Travel Awards-ის დაჯილდოება 1993 წლიდან ტარდება. მისი მიზანია, ტურიზმის ინდუსტრიის ყველა სექტორიდან საუკეთესო გამოავლინოს. ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი, კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული. ეს კატეგორიებია: წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციონები, მიმართულებები, ტუროპერატორები, აგრეთვე საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები და სხვ.
„მტირალას ეროვნული პარკი, რომელიც ბათუმიდან 30 კმ-ში მდებარეობს, 2007 წელს შეიქმნა. საქართველოში ის ყველაზე ნალექიანი ადგილია და სწორედ ამიტომ ჰქვია „მტირალა“. პარკის ტერიტორია უნიკალური ტყითა და ბუჩქნარითაა დაფარული. მტირალას ეროვნული პარკი ვიზიტორებს მრავალფეროვან ეკოტურისტულ სერვისებს სთავაზობს“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.