ოპოზიციამ არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმება გააფორმა

03-11-2020 13:26:33 საშინაო პოლიტიკა

ოპოზიციამ არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმება გააფორმა. მისი მთავარი მოთხოვნა საქართველოში 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმება და განმეორებითი არჩევნების ჩატარებაა ცსკ–ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში.

"აქცენტი" შეთანხმების ტექსტს უცვლელად გთვაზობთ:

"2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალადობის და დაშინების, სუს-ის და კრიმინალური სამყაროს კოორდინირებული ზეწოლის, მასშტაბური მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამომრჩევლის ნებაზე ძალადობით გავლენის მოხდენის პირობებში. ამას თან დაერთო საარჩევნო ოქმებით მანიპულაცია და "კარუსელი", რამაც მნიშვნელოვნად დაამახინჯა არჩევნების შედეგები. ცსკ-ის მიერ გამოქვეყნებულმა საბოლოო შედეგებმა არ ასახა საქართველოს მოქალაქეების ნება. ჩვენთვის, ოპოზიციური პარტიებისთვის სრულიად ნათელია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უარი უთხრეს ივანიშვილის მმართველობას და არ მისცეს მას მესამე ვადით ქვეყნის მართვის მანდატი. შესაბამისად, ეს პარლამენტი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. ამიტომ ჩვენ - ოპოზიციური პარტიები, რომელთაც გაგვიყალბეს არჩევნები, უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე და გადავდგამთ ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაბიჯს, რომ “დე იურე” და “დე ფაქტო” არ შევიდეთ ამ ე.წ. პარლამენტში. ჩვენ არ მივიჩნევთ ამ პარლამენტს ლეგიტიმურად, რადგან ის არის უკანონო ქმედებების შედეგად არჩეული და არ გამოხატავს ხალხის ნებას. ამ გადაწყვეტილებას სრულად იზიარებენ ქვემორე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად ცსკ-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ვერ მოხვდნენ პარლამენტში. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ივანიშვილის წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნის უკეთესი, დემოკრატიული მომავლისთვის. დემოკრატიული ოპოზიციის მოთხოვნა არის ამ არჩევნების შედეგების გაუქმება, განმეორებითი არჩევნების ჩატარება და ყველა იმ დარღვევის სისტემური აღმოფხვრა, ცსკ-ის დაკომპლექტების წესის ჩათვლით, რომელმაც ამ არჩევნების სისტემური გაყალბება გამოიწვია".

შეთანხმებას ხელს აწერენ: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, “ლელო”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი”, “ლეიბორისტული პარტია”, “რესპუბლიკური პარტია”, “სახელმწიფო ხალხისთვის”, “ევროპელი დემოკრატები”, “კანონი და სამართალი”, “ერთიანი საქართველო”, “მოქალაქეები”, “ტრიბუნა”, “გამარჯვებული საქართველო”, “სამართლიანობისთვის”, “თავისუფალი დემოკრატები”, “თავისუფლება”, “თავისუფალი საქართველო”, “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის”.

რაც შეეხება “პატრიოტთა ალინსს”, პარტიაში აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისა და განმეორებითი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის თაობაზე პოზიციას მოგვიანებით დააფიქსირებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები