
"პატრიოტთა ალიანსი": "პარლამენტში შესვლაზე უარს ვაცხადებთ, თუმცა ცალკე ვიმოქმედებთ"
03/11/2020 10:38:21 საშინაო პოლიტიკა
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს, თუმცა ოპოზიციური პარტიებისგან დამოუკიდებლად იმოქმედებს.
"უარს ვამბობთ გაყალბებული შედეგების აღიარებასა და პარლამენტში შესვლაზე. მოვითხოვთ, "ქართულმა ოცნებამ" დანიშნოს ხელახალი არჩევნები", – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა.
ამავდროულად, მისივე თქმით, "პატრიოტთა ალიანსი" ოპოზიციური პარტიებისგან დამოუკიდებლად იმოქმედებს. მიზეზი ინაშვილს არ დაუკონკრეტებია.
"პარტია იწყებს ფართომასშტაბიან აქციებს იქამდე, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და არ დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები" - აღნიშნა ინაშვილმა.
პირველი აქციის გამართვას "პატრიოტთა ალიანსი" 7 ნოემბერს, 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე გეგმავს.
ცნობისთვის: საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებმა რიგ დარღვევებზეც მიუთითეს:
„იყო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები. შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ საარჩევნო უბნებთან, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე იყო ბრალდებები, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ ხდებოდა“.
საარჩევნო ბარიერგადალახულმა 7-მა ოპოზიციურმა პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე. მათი პირველი ერთობლივი აქცია უკვე გაიმართა. მომდევნო დიდი აქცია 8 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი. თუმცა როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლისა და ახალი არჩევნების დანიშნვის მოთხოვნებით აქციები პერმანენტულად, ყოველდღიურ რეჟიმშიც ჩატარდება.
იხილეთ ასევე: ცნობილია, რომელი პარტია რამდენი დეპუტატით შევა მომავალ პარლამენტში