Accentnews.ge
ცსკ–ის თავმჯდომარე: "საარჩევნო ადმინისტრაციაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება"

ცსკ–ის თავმჯდომარე: "საარჩევნო ადმინისტრაციაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება"

03/11/2020 13:17:17 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება.

“სამწუხაროდ, საარჩევნო ადმინისტრაციაზე არის განუზომელი მასშტაბის შეტევა, მათ შორის - დეზინფორმაციის გავრცელებით, ფსიქოლოგიური ზეწოლაც ხორციელდება მესიჯებით როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაზე, ისე პირადად ჩემზე. ეს ზეწოლა იმისთვისაა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ვეღარ შეძლოს ფუნქციონირება, ვერ ჩაატაროს მეორე ტური. თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენი მთელი ძალისხმევა მოვახმაროთ იმას, რომ პროცესი საკანონმდებლო ჩარჩოს შესაბამისად გაგრძელდეს: გავიაროთ ყველა შესწორების პროცედურა, ყველა სამართლებრივი და საფუძვლიანი საჩივარი, რომელზეც გვექნება რეაგირება, გავიაროთ ყველა სამართლებრივი გზა და მხოლოდ ამის შემდეგ დავადგინოთ პირველი, მაგრამ ოფიციალური შედეგები“,– განაცხადა ჟვანიამ დიპლომატიური და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

მისივე თქმით, ის, რაზეც დღეს პროტესტი გამოითქმის, წინასწარი მონაცემებია, რომელიც "სხვადასხვა საფუძვლის, განხილვისა და შესწორების შემდგომ პროცესში სამართლებრივი გზით შეიცვლება და ცსკ საბოლოო მონაცემებს მეცხრამეტე დღეს ასახავს".

შეგახსნებთ, რომ დღეს თამარ ჟვანიას შეხვედრა დიპლომატიური და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ცსკ–ის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დიპლომატებმა ცსკ–ის შენობა კომენტარის გარეშე დატოვეს.

ცნობისთვის: საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა დამკვირვებლებმა რიგ დარღვევებზეც მიუთითეს:

„იყო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები. შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ საარჩევნო უბნებთან, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე იყო ბრალდებები, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ ხდებოდა“.

საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

იხილეთ ასევე: ცნობილია, რომელი პარტია რამდენი დეპუტატით შევა მომავალ პარლამენტში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S