რურუას ინციდენტში მონაწილე პატიმრები მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადაიყვანეს
03/11/2020 20:06:48 სამართალი
N8 პენიტენციური დაწესებულების 5 პატიმარი, რომელიც მიმდინარე წლის 2 ნოემბერს გიორგი რურუას წინააღმდეგ ინციდენტში მონაწილეობდა, 3 ნოემბერს მკაცრი რეჟიმის N6 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს,– ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური იუწყება.
როგორც უწყების პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილების საფუძველი ინციდენტის გამო აღნიშნული პატიმრებისთვის რეჟიმის გამკაცრება გახდა.
„2 ნოემბერს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ გიორგი რურუას წინააღმდეგ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად). გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა როგორც გიორგი რურუა, ასევე ყველა შესაბამისი პატიმარი და ინსპექტორი“,– ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე 30 ივლისს დამნაშავედ სცნო და 4–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.
ინფორმაციისთვის: ოპოზიციის განცხადებით, რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 2020 წლის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილიცაა, თუმცა მმართველი გუნდი შეთანხმების ამ ნაწილის არსებობას არ ადასტურებს.


