
მარნეულში დედა-შვილის მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
04/11/2020 07:26:56 სამართალი
მარნეულში დედა-შვილის მკვლელობის ბრალდებით ორი პირი - 1982 წელს დაბადებული ა.რ. და 2004 წელს დაბადებული მ.რ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული მამა–შვილია.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოში, მეზობლად მცხოვრებ დედა-შვილს - 1981 წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს და 1997 წელს დაბადებულ ა.რ.-ს, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მათივე საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. პოლიციამ ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები - სანადირო თოფები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს", – აცხადებენ შსს–ში.