Accentnews.ge
არასამთავრობო ორგანიზაციები: "2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული იყო"

არასამთავრობო ორგანიზაციები: "2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული იყო"

04/11/2020 08:35:35 საშინაო პოლიტიკა

საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში ჩატარებულ სხვა არჩევნებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებად დემოკრატიული იყო.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, წინასაარჩევნო პერიოდში ადგილი ჰქონდა ძალადობრივ დაპირისპირებას, ზეწოლისა და მუქარის ფაქტებს, სახელისუფლებო რესურსის უპრეცედენტო მასშტაბებით გამოყენებას:

“წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე ჩაეტარებინათ. თუმცა კამპანიის მიმდინარეობისას იყო შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა ძალადობრივ დაპირისპირებას, ამომრჩევლებზე, ასევე ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტებს, რომელთაც, ჩვეულებრივ, არ მოჰყვებოდა ქმედითი გამოძიება. ეს საზოგადოების ნაწილში აჩენდა საგამოძიებო ორგანოთა პოლიტიკური მიკერძოებულობის განცდას. ამასთან, წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენებით, რამაც წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის".

ამასთან, მათი შეფასებით, "მმართველი პარტია არ მოერიდა მოქალაქეთა პატრიოტული გრძნობებით მანიპულირებას და სავარაუდოდ ამ მიზნით წამოიწყო ე.წ. კარტოგრაფების საქმე, რასაც, მაღალი ალბათობით, ორი უდანაშაულო ადამიანის დაკავება მოჰყვა".

განცხადებაში საუბარია უშუალოდ არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევებზეც, მათ შორის - სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაზე, ამომრჩევლის მოსყიდვასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაზე:

“არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებსა და მათ სიახლოვეს ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას, დამკვირვებლებისა და ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლისა და მათზე თავდასხმის შემთხვევებს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს კენჭისყრის ფარულობის დარღვევისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის არაერთი ფაქტიც".

განცხადებაში ყურადღება მახვილდება იმაზეც, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ პირველადი მონაცემები დაგვიანებით, უბნების დახურვიდან შვიდი საათის შემდეგ გამოაქვეყნა:.

“პირველადი შედეგების დაგვიანებით გამოქვეყნებამ საზოგადოებაში ხმების სამართლიანი დათვლის შესახებ კითხვები გააჩინა. ეს კითხვები კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ აღმოაჩინა, რომ საარჩევნო უბნების 8%-ის შემთხვევაში ხმის დათვლის ოქმებში არსებობდა გარკვეული დისბალანსი".

არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ იმ უბნების შედეგების ხელახალ დათვლას, რომელთა ოქმებშიც დისბალანსი შეიმჩნევა, ასევე წარდგენილი საჩივრების კანონიერად და მიუკერძოებლად განხილვას.

განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

კავშირი „საფარი“

მწვანე ალტერნატივა

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

საქართველოს მედია-კლუბი

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)

ინფორმაციის განვითარაბის თვისუფლების ინსტიტუტი (IDFI)

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (ICCC)

რეგიონის განვითარების ცენტრი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევითი ცენტრი

საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი

მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი (MSDC)

სამოქალაქო ინიციატივა

სათემო ფონდი ლელი

სათემო ორგანიზაცია „ ნუკრიანი“

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S