ირაკლი კობახიძე: "თუ პარტია უარს აცხადებს მანდატებზე, სახელმწიფო დაფინანსებაზეც უარი უნდა ეთქვას"

04-11-2020 13:49:20 საშინაო პოლიტიკა

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვიან, სახელმწიფო დაფინანსება უნდა შეუწყდეთ.

მისი თქმით, ამ საკითხზე პარლამენტი იმსჯელებს.

"თუ პარტია უარს აცხადებს იმ პრივილეგიით სარგებლობაზე, რომელიც მას ხალხმა მიანიჭა, ამ შემთხვევაში მან არ უნდა მიიღოს არც სხვა პრივილეგიები, რომელიც უკავშირდება არჩევნებს და მიღებულ მანდატს. ეს არის, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსებაც. ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია, კარგიც იქნება კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვით, თუ პარტია უდიერად ეპყრობა ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მანდატებზე, ამ შემთხვევაში მას სახელმწიფო დაფინანსებაზეც უარი უნდა ეთქვას. ამაზე ალბათ, პარლამენტი იმსჯელებს", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის: საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. თუმცა დამკვირვებლებმა რიგ დარღვევებზეც მიუთითეს:

„იყო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები. შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ საარჩევნო უბნებთან, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე იყო ბრალდებები, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ ხდებოდა“.

საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

იხილეთ ასევე: ცნობილია, რომელი პარტია რამდენი დეპუტატით შევა მომავალ პარლამენტში

ახალი ამბები

სხვა სიახლეები