
"ამომრჩეველთა ხმების გადათვლასთან დაკავშირებით მზაობა არსებობს"
04/11/2020 09:51:55 საშინაო პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ამომრჩეველთა ხმების გადათვლასთან დაკავშირებით მზაობა არსებობს.
„რაც შეეხება ამომრჩეველთა ხმების გადათვლას, ამასთან დაკავშირებით გვქონდა კონსულტაციები და მზაობა ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ოქმს ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი, მათ შორის – ოპოზიციის დანიშნული, მე რამდენადაც ვიცი, ცსკ–ს აქვს იმის მზაობა, რომ უბნებზე ამომრჩეველთა ხმები გადაითვალოს", - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის: საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. თუმცა დამკვირვებლებმა რიგ დარღვევებზეც მიუთითეს:
„იყო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები. შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ საარჩევნო უბნებთან, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე იყო ბრალდებები, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ ხდებოდა“.
საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.
იხილეთ ასევე: ცნობილია, რომელი პარტია რამდენი დეპუტატით შევა მომავალ პარლამენტში