გლდანში, მოსახლეობასთან გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრაზე დაპირისპირება მოხდა
04/11/2020 12:11:21 სამართალი
გლდანში, მეტროს სადგურ "ახმეტელის თეატრთან", სადაც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებოდნენ და ფლაერებს არიგებდნენ, ხმაური იყო.
მაშინ, როცა ოპოზიციონერი ლიდერი ნიკა მელია მოსახლეობას კვირას, 15:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდა, მასთან მოქალაქე მივიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
პოლიციამ აღნიშნული პირი ადგილიდან გაიყვანა. ნიკა მელიამ კი ადგილზე მყოფ ერთ-ერთ პოლიციელს მიმართა, "სად იყვნენ მაშინ, როცა არჩევნების დღეს გლდანში ინციდენტი მოხდა?".
ამას მასსა და პოლიციელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
„ბატონი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ვინმე მჟავია და კიდევ ერთი პირი, რომლის გვარი აღარ მახსოვს, გლდანში მომხდარი ყველა დარბევის ამსახველ კადრებში ჩანდნენ და დამრღვევებს არ აკავებდნენ. გული მეტკინა, კინაღამ ცრემლები წამომივიდა, იმდენად უსუსურად გამოიყურებოდნენ პოლიციელები! ახლა კი ეს პოლიციელი ამბობს [ინციდენტში მონაწილეს - რედ.], "სათამაშო იარაღი ეჭირაო“, - განაცხადა მელიამ.
საპასუხოდ შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არჩევნების დღეს გლდანში მომხდარ ინციდენტზე გამოძიებაა დაწყებული.


