Accentnews.ge
ქანთარია – თანაგუნდელებზე: "ალბათ, ნაწილი მონასტერში უნდა წავიდეს"

ქანთარია – თანაგუნდელებზე: "ალბათ, ნაწილი მონასტერში უნდა წავიდეს"

27/06/2019 09:00:53 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

მმართველი გუნდის წევრი ნუკრი ქანთარია ენმ–ის წევრ ნიკა მელიასთან მიმართებაში მისი ზოგიერთი კოლეგის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. საუბარია იმ რამდენიმე დეპუტატზე, რომელთაც მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს.   

"ვინც კანონს გადასცდება, რასაც იმ ღამეს მელია და გარკვეული ხალხი აპირებდა, ყველას მოეთხოვება. ეს ვიქნები მე, თქვენ, ლომია, მელია თუ სხვა. დანარჩენი სასამართლოს საკითხია. რაც შეეხება ჩვენი გუნდის წევრების გადაწყვეტილებას, ეს მათ უნდა ახსნან, ეს არ იყო ჩვეულებრივი კანონპროექტი, რომ მხარი დაეჭირათ, ან - არა. შექმნილ ვითარებაში ეს ძალიან პრინციპული საკითხი იყო, გუნდი ერთსულოვანი უნდა ყოფილიყო. ან აქეთ, ან მდინარის - იქით. არავის არაფერს არ ვედავები, ეს საკითხი პრინციპული იყო და წინასწარ შეთანხმებაც იყო, რომ თუ ასეთი საკითხი შემოვიდოდა, ერთად უჭერდით მხარს, ან ერთად არ ვუჭერდით. ასეთ დროს დაქსაქსვა მიუღებელია. ალბათ, ამ საკითხზე მსჯელობა იქნება. ეს არის პოლიტიკა და პარლამენტი. პარლამენტი ან მონასტერი, ორი გზაა. ალბათ, ნაწილი მონასტერში უნდა წავიდეს, ნაწილი პარლამენტში უნდა დარჩეს",-აცხადებს ქანთარია.

მისი თქმით, ნიკა მელიას ქცევა გამოძიებას ექვემდებარება.

გუშინდელი დღის შემდეგ გაჩნდა კითხვა, ტოვებენ თუ არა მმართველ გუნდს დეპუტატები, რომელთაც კენჭისყრაში არ მიიღეს მონაწილეობა, თუმცა მმართველი გუნდის ერთ–ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა. 

"დღეს რომ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა იყოს, დღესვე იქნებოდნენ გარიცხულები, თუმცა ჩვენ ასეი მიდგომა არ გვაქვს. თავისუფალი მანდატის მქონე დეპუტატი სარგებლოს თავსიუფლებით თავის გადაწყვეტილებაში. გარიცხვაზე არ გვისაუბრია",– ირწმუნება მდინარაძე.

ცნობისთვის: პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა.  მმართველი გუნდის რამდენიმე წევრმა კოლეგების გადაწყვეტილება არ გაიზიარა.

შესაბამისი გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ცოტა ხნის წინ პლენალურ სხდომაზე მიიღეს. გადაწყვეტილებას 91 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი არც ერთი წასულა. ხოლო სამმა დეპუტატმა – მირიან წიკლაურმა, ბექა ოდიშარიამ და რომან კაკულიამ თავი შეიკავეს.

გუშინ გენპროკურატურამ პარლამენტს დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით მიმართა. უწყება ნიკა მელიას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. 

პროკურატურის ინფორმაციით, “აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით”. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S