პოლიციამ დმანისის საკრებულოს თავმჯდომარის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
04/11/2020 14:27:58 სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაცით, პოლიციამ დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა, დაკავებულია 1 პირი.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1985 წელს დაბადებული ბ.ო. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული თავისუფლების 3-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას თავისი ნათესავი, დმანისის საკრებულოს თავმჯდომარე - 1966 წელს დაბადებული მ.ო. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ედა 236-ე მუხლებით მიმდინარეობს" - აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ დმანისის საკრებულოს თავმჯდომარე საარჩევნო სუბიექტის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის ნათესავია.
ოქრიაშვილი დაჭრის ფაქტს 31 ოქტომბრის არჩევნებს უკავშირებს.


