Accentnews.ge
"ოპოზიცია ცდილობს, ხელი შეუშალოს პროცესს, რომელიც მისივე ინიციატივით იმართება"

"ოპოზიცია ცდილობს, ხელი შეუშალოს პროცესს, რომელიც მისივე ინიციატივით იმართება"

04/11/2020 18:37:23 საშინაო პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ერთ–ერთ ლიდერ მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ოპოზიცია ცდილობს, ხელი შეუშალოს პროცესს, რომელიც მისივე ინიციატივით იმართება".

"ამ წუთებში ჩვენ ვხედავთ პროცესს, რომელზეც ჩვენ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქმის კურსში ჩავაყენეთ და გავაფრთხილეთ საზოგადოება. ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის, სამწუხაროდ, მაჟორიტარობის კანდიდატები ცდილობენ, ხელი შეუშალონ იმ პროცესს, რომელიც იმართება მათივე ინიციატივით - რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს. ანუ, მათ გაასაჩივრეს, მოითხოვეს გარკვეული მოქმედებები საოლქო კომისიების მხრიდან, საოლქო კომისიამ დაიწყო განხილვა, ანუ მათი მოთხოვნა შეასრულა და მათი მოთხოვნის შესრულების პროცესში ისინი ცდილობენ ამ პროცესის ჩაშლას. ეს არის ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა, რაც საარჩევნო პროცესში მათ შეიძლება, გამოამჟღავნონ. თუმცა ეს არის იმ დესტრუქციის ნაწილი, რაზეც ჩვენ არჩევნებამდეც მოგახსენებდით", – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, კანონმდებლობით მკვეთრადაა განსაზღვრული, რომ კომისიის მუშაობის პროცესში ჩართვა პარტიის წარმომადგენელს შეუძლია, თუმცა ის არ უნდა იყოს კანდიდატი:

"აქვე უნდა გავაკეთო ერთი განმარტება აუცილებლად: თქვენი მხრიდან ისმება ბევრი კითხვა, უფლება აქვს თუ არა კანდიდატს, მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში? – ცალსახად არა. კანონი ამას არ ითვალისწინებს. მონაწილეობის უფლება, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აქვს პარტიის წარმომადგენელს. უფრო მეტიც, პარტიის წარმომადგენელი არ შეიძლება, იყოს კანდიდატი. ანუ კანონმდებლობა ზუსტად, მკვეთრად განსაზღვრავს იმას, რომ კანდიდატი (სპეციალური ჩანაწერია) არ შეიძლება, იყოს წარმომადგენელი. ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები, რატომაც ჩაიწერა კანონში და ამას დაეთანხმა მაშინ ყველა - როგორც ქვეყნის შიგნით (პოლიტიკოსებს ვგულისხმობ), ასევე ქვეყნის გარეთ. ამას აქვს ბევრი ობიექტური მიზეზი: რომ არ აირიოს კომპეტენციები ერთმანეთში. ეს სამართლიანია თუ არა - დღეს ამის განხილვას არ დავიწყებ (რა თქმა უნდა, სამართლიანია), მაგრამ კანონში უკვე წერია, რომ კანდიდატი არ შეიძლება, იყოს წარმომადგენელი იმავდროულად. და სწორედ წარმომადგენელს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს საოლქო კომისიის მუშაობაში. ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ რომ მათ აქვთ შესვლის უფლება და მონაწილეობის მიღების უფლება, ცალსახად იტყუებიან".

ამასთან, იგი ოპოზიციის ქმედებას "დესტრუქციულს" უწოდებს:

"სამგორში, როდესაც მოხდა შემოწმება ოლქის, აღმოჩნდა, რომ "ქართულ ოცნებას" ეწერა 200 ხმით ნაკლები. ამ რეალობის წინაშე მათ დადგომა არ უნდათ, იმიტომ, რომ აღმოჩნდება, რომ ისინი იტყუებიან და ტყუილის გამოაშკარავება, ბუნებრივია, არ სჭირდებათ. ამიტომ ისინი მიდიან ამ დესტრუქციაზე. მე მოვუწოდებ მათ, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა, რომელიც პოლიტიკოსს ევალება, მოიქცნენ კონსტრუქციულად, დაელოდონ იმ პროცესს, რომელიც მათი საჩივრების, გასაჩივრების შედეგად მიმდინარეობს და ამის შემდეგ ვიკამათოთ, ვიდავოთ, ვიჩხუბოთ ნებისმიერ შედეგზე! და მთავარი: უამრავი - ასობით და ათასობით (და არ ვაჭარბებ) ადამიანი გვიკავშირდება, შეწუხებული იმ პროცესით, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს (მე არ მინდა, დავყო საზოგადოება ჩვენს მომხრეებად, მათ მომხრეებად, მაგრამ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც "ქართულ ოცნებას" დაუჭირა მხარი და ეს არის მილიონამდე ამომრჩეველი). მათ კითხვა აქვთ: ვინ იცავს მათ ინტერესებს? მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით: არც ერთი ხმის დათმობას და არც ერთი ხმის მიტაცებას არავისგან ვაპირებთ! საზოგადოებას შეუძლია, წყნარად იყოს ამ მიმართულებით, ჩვენ ვიქნებით გარანტი კანონის დაცვისა, ხმების შენარჩუნებისა, იმ ხმების, რომელიც ჩვენმა ამომრჩეველმა მოგვცა, იმ ნდობისა, რომელიც მოგვანიჭა ჩვენმა ამომრჩეველმა და ამ მიმართულებით სანერვიულო მათ არ აქვთ. იქიდან გამომდინარე, რომ ქართული სახელმწიფო მყარად დგას ფეხზე და არ დაუშვებს, რომ ვინმემ განავითაროს ვიღაც ერთი "წარსულის პოლიტიკოსის" ტვინში მოხარშული საკმაოდ ცუდი სცენარი".

ამასთან, მამუკა მდინარაძემ "აქციებზე კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაუცველობაზე" გაამახვილა ყურადღება და დემონსტრანტებს შესაბამისი წესების დაცვისკენ მოუწოდა:

"რატომღაც ბოლო პერიოდში, ბოლო დღეების განმავლობაში მესმის, რომ მათ უნდათ გარკვეული მუხტის შექმნა და ამიტომ სხვა თემები გვერდით გადაწიეს. მაგრამ არ უნდა გამოგვრჩეს ერთი მთავარი თემა: კორონავირუსი არის გამოწვევა, რომელიც ძალიან მძაფრად არის ჩვენს წინაშე, ქვეყნის წინაშე, მოსახლეობის წინაშე, განსაკუთრებით - იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც მიეკუთვნებიან რისკ-ჯგუფს. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი გასულები არიან ყოველგვარ წითელ ხაზებს მიღმა, ელემენტარული რეკომენდაციების დაცვაც კი არ მიდის. იქ არიან პოლიციელები, იქ არიან ადამიანები, მათი აქტივისტები, რომლებსაც არ უფრთხილდებიან და ყოველგვარი პირბადეების და სხვა რეკომენდაციების დაცვის გარეშე ახორციელებენ თავიანთ აქტივობას. შეიძლება, ცოტა ირონიულადაც კი ჟღერდეს, მაგრამ მინდა, ეს მაინც მოვუწოდო მათ: ჟურნალისტებს გაუფრთხილდნენ, პოლიციელს გაუფრთხილდნენ, თავიანთ მომხრეებს და აქტივისტებს გაუფრთხილდნენ, რომლებიც იქ მიიყვანეს, ამ დესტრუქციაში მონაწილეობის მისაღებად და დაიცვან ელემენტარული რეკომენდაციები, რომ ასე თავისუფლად არ მოხდეს ვირუსის გავრცელება. ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ ერთი შემთხვევა იყო, ციხეში შესასვლელად ქალბატონმა სამადაშვილმა გაიკეთა ტესტირება და ამ ერთი შემთხვევის დროსაც დადებითი დადასტურდა, რომ არა პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ტესტირება გაეკეთებინა კონკრეტულ პოლიტიკოსს, ალბათ, ჩვენ ციხეში გვექნებოდა პრობლემა ძალიან სერიოზული ვირუსთან დაკავშირებით. ამიტომ აუცილებლად უნდა ვუთხრათ და ვთხოვოთ მათ, ეს ნაწილი მაინც გაითვალისწინონ და გაუფრთხილდნენ ერთამანეთის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, სხვაზე თუ არაფერს ფიქრობენ. საერთო ჯამში, ჩვენ ვხედავთ ძალიან ცუდ პროცესს, როცა ისინი მიდიან იმ მოქმედების საწინააღმდეგოდ, რომელიც თავად მოითხოვეს და დარწმუნებული ვარ, ეს არის ერთადერთი მიზეზით გამოწვეული".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S