
თბილისში, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან მიმდინარე აქციას მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდა
04/11/2020 18:52:37 საშინაო პოლიტიკა
თბილისში, ერთ-ერთი საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდა.
როგორც მაჩალიკაშვილმა განმარტა, იგი აქციაზე "ქართული ოცნების" მხრიდან მის მიმართ ჩადენილმა უსამართლობამ მიიყვანა".
"ამათ ეს არჩევნები არ შერჩებათ, ეს სიყალბე არ შერჩებათ. ამათმა სიმახინჯემ, ამ მახინჯმა სისტემამ აქაც მომიყვანა. მთელ საქართველოს მოვუწოდებ, ახალგაზრდას, სტუდენტს, მოხუცს, პატარას, კვირას მოვიდნენ და ამ გახრწნილ სისტემას პასუხი გასცენ", – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
ცნობისთვის: ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით შვიდი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს: ოპოზიციონერი ლიდერები საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან შეიკრიბნენ თბილისის მასშტაბით – გლდანში, საბურთალოზე, სამგორში, ისანში, ხოლო რეგიონების მასშტაბით – ბოლნისში, ბათუმში და წყალტუბოში.
კომისიის წევრებმა სწორედ დღეს უნდა განიხილონ შესაბამის უბნებზე დაწერილი საჩივრები. ოპოზიციონერი ლიდერები საჩივრების განხილვის პროცესზე დასწრებას ითხოვენ.
"ხმებია "აორთქლებული" და კარგი იქნება, მედიაც დაესწროს",– განაცხადა ენმ–ის წევრმა ხატია დეკანოიძემ.
ინციდენტი მოხდა გლდანში, სადაც უცნობი მამაკაცი ენმ–ის აქტვისტს დაესხა თავს. პირი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან გაიყვანეს.
ვითარება განსაკუთრებით დაძაბულია საბურთალოზე: პარტია "მოქალაქეების" დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი საოლქო კომისიის შენობაში შესვლას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეხლა–შემოხლისას მოქალაქეები დაშავდნენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი.
„ხმებს არ გავაყალბებინებთ!,– განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
იგივე მიზეზით დაძაბულობაა სამგორშიც. ისანში კი აქტივისტებმა საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან კარტოფილი მიიტანეს და მიწაზე დემონსტრაციულად დაყარეს. ადგილზე "ტრიბუნას" წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძეც მივიდა, თუმცა არც მას მისცეს შენობაში შესვლის უფლება. სხდომიდან გამოაძევეს რამდენიმე დამკვირვებელი.
"ეს კანონდარღვევაა – დეპუტატს არ უშვებენ სხდომაზე. ამისთვის პასუხს აგებენ!",– განაცხადა ჭიჭინაძემ.
თითოეულ ლოკაციაზე პოლიციელების განსაკუთრებული მობილიზებაა.
შეგახსენებთ, რომ სრულიად ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს.