Accentnews.ge
სააკაშვილი - პოლიციელებს: "თქვენ სჩადიხართ სისხლის სამართლის დანაშაულს! აზრზე მოდით, ძმებო!"

სააკაშვილი - პოლიციელებს: "თქვენ სჩადიხართ სისხლის სამართლის დანაშაულს! აზრზე მოდით, ძმებო!"

04/11/2020 19:28:06 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პოლიცია კანონს არღვევს, როდესაც დეპუტატობის კანდიდატებს საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესზე დასწრების საშუალებას არ აძლევს.

"როგორ ბედავენ საერთოდ დამკვირვებლებისა და დეპუტატობის კანდიდატების არშეშვებას?! მინდა, ვუთხრა პოლიციელებს: თქვენ არღვევთ კანონს, თქვენ არღვევთ საქართველოს კონსტიტუციას, თქვენ სჩადიხართ სისხლის სამართლის დანაშაულს! აზრზე მოდით, ძმებო! ვის ემსახურებით და ვის მიჰყვებით საფლავში?!", – განაცხადა ექს–პრეზიდენტმა ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტთან საუბრისას.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააყალბა.

"3700 ოქმიდან 2400 არის გადაკეთებული. ასეთი მასშტაბის გაყალბება მე არ მახსოვს არც ბელარუსში, არც უზბეკეთში... ეს არჩევნები ნამდვილად არ შემდგარა. ამ არჩევნების გაყალბების მასშტაბი ყველანაირი დიქტატორული რეჟიმების უტიფრობის ზღვარს სცდება", – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ საარჩევნო კომისიის ის წევრები, რომლებიც კანონს არღვევენ, აუცილებლად უნდა დაისაჯონ.

ცნობისთვის: ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით შვიდი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს: ოპოზიციონერი ლიდერები საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან შეიკრიბნენ თბილისის მასშტაბით – გლდანში, საბურთალოზე, სამგორში, ისანში, ხოლო რეგიონების მასშტაბით – ბოლნისში, ბათუმში და წყალტუბოში.

კომისიის წევრებმა სწორედ დღეს უნდა განიხილონ შესაბამის უბნებზე დაწერილი საჩივრები. ოპოზიციონერი ლიდერები საჩივრების განხილვის პროცესზე დასწრებას ითხოვენ. თუმცა მათ ამის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევენ. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა ბათუმსა და თბილისში. ინციდენტის დროს აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი.

შეგახსენებთ, რომ სრულიად ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S