
ცსკ: "საბურთალოს, ბოლნისის, ხაშურის, ხულოს და ოზურგეთის საარჩევნო უბნების გადათვლის შემდეგ შედეგები უცვლელი დარჩა"
04/11/2020 20:02:00 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროს გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საბურთალოს, ბოლნისის, ხაშურის, ხულოს, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უბნების შედეგების ხელახალი გადათვლის მიუხედავად, ისინი უცვლელი დარჩა.
"ამ წუთებშიც მიმდინარეობს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომები, სადაც განიხილება განცხადება-საჩივრები კენჭისყრის დღესთან, მათ შორის შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიამ გადაითვალა ერთი საარჩევნო უბნის ბიულეტენები, რის საფუძველზეც საარჩევნო უბნის შედეგი დარჩა უცვლელი. გადათვლის შედეგად ასევე უცვლელი დარჩა ბოლნისის, ხაშურის და ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიებში გადათვლილი თითო-თითო საარჩევნო უბნის შედეგები. ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიებში დამკვირვებელი ორგანიზაციების - „სამართლიანი არჩევნებისა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მოთხოვნის საფუძველზე ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გადაითვალეს ბათილი ბიულეტენები, თუმცა ამ პროცესის შემდეგ არ დამდგარა შედეგების გასწორების საჭიროება",– განაცხადა კალანდარიშვილმა.
რაც შეეხება ვაკის, მთაწმინდის, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, გორის და გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიებს, როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, აქაც დასრულდა საჩივრების განხილვის პროცესი, თუმცა გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ხვალ ეცნობება.
მისივე თქმით, საჩივრების განხილვის პროცესი საოლქო საარჩევნო კომისიებში 5 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. "საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება, გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში“, - დასძინა კალანდარიშვილმა.
ცნობისთვის: ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით შვიდი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს: ოპოზიციონერი ლიდერები საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან შეიკრიბნენ თბილისის მასშტაბით – გლდანში, საბურთალოზე, სამგორში, ისანში, ხოლო რეგიონების მასშტაბით – ბოლნისში, ბათუმში და წყალტუბოში.
კომისიის წევრებმა სწორედ დღეს უნდა განიხილონ შესაბამის უბნებზე დაწერილი საჩივრები. ოპოზიციონერი ლიდერები საჩივრების განხილვის პროცესზე დასწრებას ითხოვენ. თუმცა მათ ამის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევენ. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა ბათუმსა და თბილისში. ინციდენტის დროს აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. შსს–ს ცნობით, საქართველოს მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან გამართულ აქციებზე ამ დროისთვის 9 პირია დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ სრულიად ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს.