
TI: "მოვუწოდებთ საოლქო კომისიებს, გადათვალონ რაც შეიძლება მეტი უბნის ბიულეტენები"
04/11/2020 20:19:27 საშინაო პოლიტიკა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) საოლქო-საარჩევნო კომისიებს მოუწოდებს, გადათვალონ რაც შეიძლება, მეტი უბნის ბიულეტენები და ამ გზით გაზარდონ ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა" და "სამართლიანი არჩევნების" მიერ შეტანილი საჩივრები რამდენიმე ოლქში სხვადასხვა უსაფუძვლო მიზეზით განუხილველი დატოვეს, ხოლო განხილული საჩივრების უმრავლესობა არ დააკმაყოფილეს. მოვუწოდებთ საოლქო საარჩევნო კომისიებს, არ შექმნან ხელოვნური ბარიერი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით და ხელი შეუწყონ პროცესის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას, ასევე მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ გადაწყვეტილებებს, მაქსიმალურად ეცადონ, გადათვალონ რაც შეიძლება, მეტი საარჩევნო უბნის ბიულეტენები და ამ გზით გაზარდონ ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინიც იქნებიან პასუხისმგებლები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
ცნობისთვის: ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით შვიდი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს: ოპოზიციონერი ლიდერები საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან შეიკრიბნენ თბილისის მასშტაბით – გლდანში, საბურთალოზე, სამგორში, ისანში, ხოლო რეგიონების მასშტაბით – ბოლნისში, ბათუმში და წყალტუბოში.
კომისიის წევრებმა სწორედ დღეს უნდა განიხილონ შესაბამის უბნებზე დაწერილი საჩივრები. ოპოზიციონერი ლიდერები საჩივრების განხილვის პროცესზე დასწრებას ითხოვენ. თუმცა მათ ამის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევენ. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა ბათუმსა და თბილისში. ინციდენტის დროს აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. შსს–ს ცნობით, საქართველოს მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან გამართულ აქციებზე ამ დროისთვის 9 პირია დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ სრულიად ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს.