ისნის აქციაზე დაკავებები გრძელდება
04/11/2020 20:41:15 სამართალი
თბილისში, ისნის მე-5 საოლქო კომისიის შენობასთან მიმდინარე აქციაზე დაკავებები გრძელდება. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, ცოტა ხნის წინ ადგილზე რამდენიმე პირი, მათ შორის ენმ–ის წევრი გიორგი კაპანაძე დააკავეს.
მანამდე პოლიციამ აღნიშნულ აქციაზე 6 პირი დააკავა.
ცნობისთვის: ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით შვიდი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს: ოპოზიციონერი ლიდერები საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან შეიკრიბნენ თბილისის მასშტაბით – გლდანში, საბურთალოზე, სამგორში, ისანში, ხოლო რეგიონების მასშტაბით – ბოლნისში, ბათუმში და წყალტუბოში.
კომისიის წევრებმა სწორედ დღეს უნდა განიხილონ შესაბამის უბნებზე დაწერილი საჩივრები. ოპოზიციონერი ლიდერები საჩივრების განხილვის პროცესზე დასწრებას ითხოვენ. თუმცა მათ ამის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევენ. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა ბათუმსა და თბილისში. ინციდენტის დროს აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. შსს–ს ცნობით, საქართველოს მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან გამართულ აქციებზე ამ დროისთვის 9 პირია დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ სრულიად ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს.


