
მთიანი ყარაბაღი: ცხოვრება ფრონტის ხაზთან (ფოტორეპორტაჟი)
05/11/2020 09:01:14 კავკასია
საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში სექტემბრის ბოლოდან გრძელდება. იმის შესახებ, როგორ ზარალდება მოსახლეობა ფრონტის ხაზის ორივე მხარეს - "DW"-ს ფოტორეპორტაჟში.
მთელი კვარტლები რუინებადაა ქცეული
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ თავდასხმებში სამოქალაქო ობიექტებზე - ისეთებზე, როგორიც ქალაქ შუშას მაცხოვრის სახელობის სახელგანთქმული ტაძარია. ოქტომბრის დასაწყისში იგი დაბომბვის შედეგად დაინგრა. ერევანმა პასუხისმგებლობა ბაქოს დააკისრა. თავის მხრივ, აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ “ისტორიულ და კულტურულ ობიექტებს არ ესხმის”.
დანგრეული სახლები
რაგიბა გულიევა – უწინდელი ცხოვრების ნანგრევებზე. მისი სახლი 17 ოქტომბერს, აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქ გიანჯას სარაკეტო დაბომბვის დროს დაინგრა. მაშინ რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აზერბაიჯანი მომხდარში სომხეთს ადანაშულებს.
დაღუპული ბავშვები
გიანჯის დაბომბვის ერთ-ერთი მსხვერპლი რაგიბა გულიევას შვილიშვილი არტურია. ის 13 წლის იყო. პედაგოგები და თანაკლასელები ბიჭს ადგილობრივ ეკლესიაში ემშვიდობებიან. ოფიციალური მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების განახლების დღიდან როგორც აზერბაიჯანის, ისე სომხეთის მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლთა რაოდენობამ უკვე 130-ს მიაღწია.
მოხალისეები ფრონტისკენ იღწვიან
2020 წლის სექტემბრის ბოლოს საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან ყარაბაღში 1200-მდე მებრძოლი დაიღუპა, - იუწყება თვითგამოცხადებული რესპუბლიკა. აზერბაიჯანი დანაკარგების ოდენობის შესახებ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით მალავს. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით კი, ესკალაციის დაწყების დროიდან ორივე მხრიდან დაღუპულთა რაოდენობამ 5000-ს მიაღწია. ამის მიუხედავად, ფრონტზე წასვლა ბევრ მოხალისეს სურს – როგორც აქ, სტეპანაკერტში.
ძველი კონფლიქტი
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი უკვე რამდენიმე ათწლეულია, გრძელდება. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ეს რეგიონი აზერბაიჯანს ეკუთვნის, თუმცა დე ფაქტოდ იგი სომეხი სეპარატისტების კონტროლს ექვემდებარება. 1994 წლიდან მყიფე ზავი იყო დაცული. ფოტოზე კონფლიქტის დროს დაღუპული მებრძოლის პორტრეტია გამოსახული აზერბაიჯანულ ქალაქ ბარდას სკოლის კედელზე.
გარე ჩარევა
ავტორიტარულ აზერბაიჯანში პროპაგანდა და სამხედრო რიტორიკა ბატონობს. მხარდაჭერას იარაღის მიწოდებისა და სოლიდარობის გამოხატვის სახით ბაქო თურქეთისგან იღებს. თავის მხრივ, რუსეთი ერევანში სომხური მთავრობის მფარველად ითვლება. დამკვირვებლები შიშობენ, რომ რუსეთმა და თურქეთმა შესაძლოა, კონფლიქტში ღიად ჩართვა სცადონ.
გადარჩენა სარდაფებში
ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, მთიან ყარაბაღში ათობით ათასი ადამიანი იძულებული გახდა, სახლები მიეტოვებინა, რათა საბრძოლო მოქმედებებისთვის დაეღწია თავი. ზოგიერთი გათვლით, დევნილთა რაოდენობა რეგიონის მოსახლეობის ნახევარს, ანუ 75 000-ს შეიძლება, აღწევდეს. ბევრი ადგილობრივი დაბომბვებისას ბუნკერებსა და სარდაფებს აფარებს თავს – როგორც ეს მოხუცი ფოტოზე.
ბომბები და კორონავირუსი
სტეპანაკერტის ბევრი მკვიდრისთვის ბუნკერში ცხოვრება ჩვეულ ყოველდღიურობად იქცა. იქ სივიწროვეა და სუფთა ჰაერის დეფიციტი. ბუნკერები ხალხს დაბომბვებისას იცავს, თუმცა კორონავირუსის გავრცელების კერასაც წარმოადგენს, - აფრთხილებენ მოსახლეობას მედიკოსები. ინფიცირებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ვრცელდება ცნობები, რომ ინფიცირებულია ქალაქში დარჩენილთა უმრავლესობა.
დროებითი თავშესაფარი – საკლასო ოთახების ნაცვლად
ომისგან თავის დაღწევა აზერბაიჯანის ბევრ მოქალაქესაც მოუწია. უშუალოდ ფრონტის ხაზთან მდებარე ქალაქ ტერტერის ბევრმა მკვიდრმა მეზობელ ქალაქ ბარდას შეაფარა თავი, რომელიც მთიანი ყარაბაღიდან დაახლოებით 20 კმ-შია განლაგებული. ბევრი სასკოლო შენობა იქ სექტემბრის ბოლოდან დროებით საცხოვრისად გადაკეთდა. თუმცა მათი ახალი ბინადრები არც იქ არიან დაცულები.
ფრონტის ხაზი სულ უფრო ახლოვდება
აზერბაიჯანულ ქალაქ ბარდას დაბომბვისას რამდენიმე შენობა დაინგრა, დაიწვა ავტომობილები. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება 21 დაღუპულისა და ათობით დაჭრილის შესახებ. თავის მხრივ, სომხურმა მხარემ განაცხადა, რომ ამ თავდასხმასთან კავშირი არ აქვს. საპასუხოდ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პირობა დადო, რომ “შურს იძიებს”.
მშვიდობის ამაო იმედი
მთიან ყარაბაღში ბრძოლები გრძელდება. აზერბაიჯანი სომხეთისგან რეგიონიდან ჯარის სრულად გაყვანას მოითხოვს. თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დახმარების თხოვნით მოსკოვს მიმართა. თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ “მოსკოვი ერევანს ყოველმხრივ დაეხმარება, თუ საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე გავრცელდება".