
"ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილ უბანზე დარღვევების მასშტაბი აჩვენებს, რატომ არ მოგვეცა დაკვირვების საშუალება"
05/11/2020 09:08:50 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების დღეს ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილ უბანზე გამოვლენილი დარღვევების მასშტაბი აჩვენებს, რატომ არ მისცეს მისი აპარატის თანამშრომლებს პროცესზე დაკვირვების საშუალება.
როგორც ლომჯარიას განცხადებაშია აღნიშნული, მსჯავრდებულების მხრიდან სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიმართ უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტზე პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს სათანადო რეაგირება არ მოუხდენიათ.
"2020 წლის 31 ოქტომბერს დაბა ქსანში მდებარე N15 დაწესებულებაში გახსნილ საარჩევნო უბანზე სახალხო დამცველის აპარატის სპეციალური პრევენციული ჯგუფის ვიზიტის დროს ადგილი ჰქონდა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიმართ უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლას და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს რამდენიმე მსჯავრდებულის მხრიდან. ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის - დაწესებულების დირექტორი და მათი მხრიდან სათანადო რეაგირება არ განხორციელებულა. მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნების ოქმების შემაჯამებელი ოქმები გამოქვეყნდა, არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ გასაჩივრდა ქსნის N15 დაწესებულებაში შექმნილი უბნის მაჟორიტარული ოქმი, ვინაიდან მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 641-მა პატიმარმა, რომელთაგან ყველა სავარაუდოდ, არ წარმოადგენდა მცხეთის საარჩევნო ოლქის ამომრჩეველს. საბედნიეროდ, საოლქო კომისიამ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციათა საჩივარი და ამ საარჩევნო უბანზე მაჟორიტარული ოლქის არჩევნების შედეგები გაუქმდა. ამ ხმების გაუქმებამ ზეგავლენა იქონია ოლქის არჩევნების შედეგებზე, ვინაიდან მცხეთის საარჩევნო ოლქში მეორე ტურის გამართვის საჭიროება დადგა. საარჩევნო დარღვევის მასშტაბიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის აპარატისთვის ნათელი გახდა ის ფაქტი, თუ რატომ განხორციელდა ცალკეული პატიმრების მხრიდან სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებზე თავდასხმა, რაც არ იქნა აღკვეთილი დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაც: მან სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოს N15 დაწესებულებაში პატიმრებმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს „უსაყვედურეს უყურადღებობის გამო და დაწესებულებაში უფრო ხშირი ვიზიტებისკენ მოუწოდეს”, - ნათქვამია ლომჯარიას განცხადებაში.