
პრემიერი – მინისტრებს: "აქციები კავშირშია ინფიცირების სწრაფ ზრდასთან, ახალ შეზღუდვებზე უნდა ვიფიქროთ"
05/11/2020 10:05:31 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციები კავშირშია კოვიდ–ინფიცირების სწრაფ ზრდასთან და მთავრობამ ახალი, წერტილოვანი შეზღუდვების პაკეტი უნდა შეიმუშავოს.
"ჩვენ გადავდივართ ახალ ფაზაზე, დღეს უკვე კოვიდ-ინფიცირების 2400-ზე მეტი ახალი შემთხვევა გვაქვს. იმ პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს და ევროპაში ვირუსის გავრცელების დინამიკის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, ზრდა გაგრძელდება. ეს ფაქტია და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, ის პოლიტიკური აქტივობა, რომელიც ქუჩაში ხდება, ძალზე დააჩქარებს ჩვენთან პიკის მოსვლას. უფრო მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე ველოდით, რადგან მობილობა, რომელსაც ქუჩის აქციები იწვევს, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია ინფიცირების სწრაფ ზრდასთან. ამიტომ საჭიროა აბსოლუტურად ყველა სამინისტროს და შესაბამისი უწყებების სრული მობილიზაცია. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ადაპტაციის სტრატეგიას არ ვცვლით, მაგრამ ადაპტაციის პარალელურად ძალზე ეფექტურად უნდა ვიფიქროთ, რა შეიძლება, იყოს წერტილოვანი შეზღუდვების პაკეტი, რომელიც კიდევ უფრო ეფექტური იქნება. არ ვსაუბრობთ ქვეყნის მასშტაბით სისტემურ შეზღუდვებზე, ვსაუბრობთ წერტილოვანზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ თავად პრემიერს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა.
ცნობისთვის: გუშინ ქვეყნის მასშტაბით შვიდი საპროტესტო აქცია გაიმართა: ოპოზიციონერი ლიდერები საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან შეიკრიბნენ თბილისის მასშტაბით – გლდანში, საბურთალოზე, სამგორში, ისანში, ხოლო რეგიონების მასშტაბით – ბოლნისში, ბათუმში და წყალტუბოში.
კომისიის წევრები შესაბამის უბნებზე დაწერილ საჩივრებს განიხილავდნენ. ოპოზიციონერი ლიდერები საჩივრების განხილვის პროცესზე დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა მათ ამის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევდნენ. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა ბათუმსა და თბილისში. ინციდენტის დროს აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი.
სრულიად ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 289.
უკანასკნელი მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში კოვიდ-ინფიცირების 49218 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 33459 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 401 გარდაიცვალა.