
რატომ გადაიფიქრა პრემიერმა პარლამენტში მისვლა: ბახტაძის კომენტარი
27/06/2019 10:07:35 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, საუბარი სამთავრობო პროგრამაზე იქნებოდა შეუსაბამო საზოგადოებრივ ინტერესებთან, – ამე განმარტავს სქართველოს პრემიერ–მინისტრი საკუთარ გადაწყვეტილებას, არ გამოცხადებულიყო პარლამენტში. მოგეხსენებათ, პრემიერი დღეს საკანონმდებლო ორგანოში ერთწლიანი ანგარიშით უნდა წარმსდგარიყო. ოპოზიციამ პრემიერის გადაწყვეტილება დამალვად შეაფასა.
პრემიერის განცხადებით, ის მზად არის, ნებისმიერ სხვა დროს, მათ შორის, რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის წლიური ანგარიში წარუდგინოს საკანონმდებლო ორგანოს.
„დღეს იგეგმებოდა პარლამენტისთვის მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენა.
ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც მთავრობა და პარლამენტი აკეთებენ შეფასებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
ბუნებრივია, ჩვენ ვართ ვალდებული, საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებას წარვუდგინოთ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ – ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, საგარეო პოლიტიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და ყველა სხვა მიმართულებით, მაგრამ, ამავე დროს, ვფიქრობ – ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, საუბარი სამთავრობო პროგრამაზე იქნებოდა შეუსაბამო საზოგადოებრივ ინტერესებთან.
შესაბამისად, მზად ვარ, ნებისმიერ სხვა დროს, მათ შორის, რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის წლიური ანგარიში წარვუდგინო საკანონმდებლო ორგანოს“, – აღნიშნულია პრემიერის „ფეისბუქპოსტში“.
ამასთან, მამუკა ბახტაძე დღეს საღამოს ჟურნალისტებთან შეხვედრას გეგმავს.
„ვინაიდან მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენები, დღეს საღამოს ვგეგმავ ქართულ მედიასთან შეხვედრას, რათა პასუხი გავცე აქტუალურ შეკითხვებს“, – აცხადებს პრემიერი.