
ომბუდსმენი საგანგებო მიმართვას ავრცელებს
06/11/2020 08:09:37 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვას ავრცელებს.
ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის აპარატს არაერთი პირი მიმართავს იმასთან დაკავშირებით, რომ სამედიცინო დაწესებულებებში შექმნილი მდგომარეობის გამო ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებს.
“წლებია, სახალხო დამცველი საუბრობს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მწვავე გამოწვევებზე. ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან ერთად, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის სიმცირის საკითხი ყოველთვის იდგა. ეს უკანასკნელი კი შესაძლოა, კრიზისის მართვის პროცესში სერიოზულ ბარიერად იქცეს, მით უმეტეს - იმ ფონზე, როდესაც ხშირია სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შემთხვევები. ქვეყანაში ძალიან გაზრდილია მოსახლეობის მობილობა. განსაკუთრებით საგულისხმოა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვისა და სხვადასხვა საარჩევნო უბნის შედეგების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციები, რა დროსაც ვერ ხერხდება სოციალური დისტანციის და უსაფრთხოების შესაბამისი წესების დაცვა. აღნიშნული, ცხადია, კიდევ უფრო ზრდის ინფიცირების რისკებს და ამძიმებს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გატარდეს ღონისძიებები სამედიცინო სექტორზე გაზრდილი დატვირთვის რაციონალური გადანაწილებისა და შემცირებისათვის”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ტემპის შენელების მიზნით უზრუნველყოს უკვე დადგენილი ყველა პრევენციული ღონისძიების ეფექტური აღსრულება;
საარჩევნო ადმინისტრაციებს:
სამართლიანი და გამჭვირვალე პროცედურების დაცვით, დროულად განიხილონ არჩევნებთან დაკავშირებული დასაბუთებული საჩივრები და უზრუნველყონ სადავო საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საარჩევნო ადმინისტრაციების გარეთ მიმდინარე მწვავე საპროტესტო აქციებს და შესაბამისად, მოსახლეობის მობილობას;
ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს:
შექმნილი ძალიან მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საპროტესტო აქციების ორგანიზების პროცესში უზრუნველყონ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი ყველა წესისა და შეზღუდვის განუხრელად დაცვა, რაც შეამცირებს ზიანს ადამიანების ჯამრთელობისა და სიცოცხლის მიმართ.
საქართველოს მოსახლეობას:
განუხრელად შეასრულოს ის მოთხოვნები და რეკომენდაციები, რომელიც უკავშირდება კარანტინს და თვითიზოლაციას, ასევე პირბადით სწორად სარგებლობას (მათ შორის - უკვე ღია სივრცეებშიც), ჰიგიენური წესების და სოციალური დისტანციის დაცვას.
ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით ავადობის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 560 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 51 993 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 37 019 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 423 გარდაიცვალა.