
"მთავრობა ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა"
06/11/2020 10:29:06 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობა ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა.
“ჩვენ ოპოზიციასთან მიმართებაში მზად ვართ, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს არის მნიშვნელოვანი. ნებისმიერი შეთანხმება შეიძლება, მოხდეს მსგავსი პროტესტის გამოხატვის გარეშე, ბევრად უფრო ცივილურად და ეფექტურად და არ გამოვიყენოთ ბოროტად ჩვენი ემოციები და პირადი ინტერესები და ამით არ გავავრცელოთ ინფექცია ქვეყანაში”, – განაცხადა მინისტრმა.
მანამდე ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა, რომ ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილი თუ ჩატარებული აქციები ვირუსის გავრცელებას უწყობს ხელს, რადგან სოციალური დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება.
შეგახსნებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. ოპოზიცია თბილისში 8 ნოემბერს მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავს.
ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ით ავადობის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 560 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 51 993 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 37 019 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 423 გარდაიცვალა.