Accentnews.ge
მდინარაძე: "ხმების გადათვლის შემდეგ მმართველი პარტიის შედეგები გაუმჯობესდა"

მდინარაძე: "ხმების გადათვლის შემდეგ მმართველი პარტიის შედეგები გაუმჯობესდა"

06/11/2020 11:42:33 საშინაო პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ერთ–ერთ ლიდერ მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამომრჩეველთა ხმების გადათვლის შემდეგ მმართველი პარტიის შედეგები გაუმჯობესდა.

მისივე მტკიცებით, "19-მდე უბნის მონაცემების გადათვლის შედეგად გაყალბების არანაირი კვალი და მმართველი პარტიის სასარგებლოდ რაიმე დარღვევა არ გამოვლინდა".

„გვსურს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ და დავანახოთ რეალური სურათი, რომელიც არჩევნების ორგანიზებას უკავშირდება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები რომ გამართულად და დემოკრატიულად ჩატარდა, ეს მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა. წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს დარღვევებთან დაკავშირებით შემოვიდა მინიმალური რაოდენობის საჩივრები. საჩივრები კამპანიურად, მასობრივად იქნა შეტანილი ცსკ-ში მხოლოდ მას შემდეგ, რაც არჩევნების პირველადი შედეგებით ცხადი გახდა, რომ “ქართულ ოცნებას” ამ არჩევნებში ჰქონდა აშკარა უპირატესობა. კანონიერი პროცედურების დაცვით შედგენილი, დასაბუთებული რამდენიმე ასეული საჩივრიდან უმეტესობა ერთი და იგივე ფაქტს ეხებოდა, უბრალოდ სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან იყო ეს საჩივრები შეტანილი. ამ საჩივრებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლინდა 100-მდე პრობლემატური უბანი, რისი დაზუსტება და გარკვევაც ვერ მოხდა ოქმებით. ცსკ-მ მიიღო ამასთან დაკავშირებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება და დღეის მდგომარეობით, 20-მდე ასეთი უბანი ხელახლა იქნა გადათვლილი. გადათვლის შედეგად, რომელსაც ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, არანაირი გაყალბების კვალი და არანაირი მნიშვნელოვანი დარღვევა, რასაც შეიძლებოდა, უპირატესობა მიენიჭებინა მმართველი პარტიისთვის, არ დაფიქსირებულა. მეტიც, რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს და პარადოქსული იყოს ვიღაცის წარმოდგენაში, გადათვლის შედეგად მცირედით გაუმჯობესდა კიდეც მმართველი პარტიის შედეგები. მე შემიძლია, გითხრათ, რომ მაგალითად, ბათუმში იყო უბანი, სადაც მმართველ პარტიას ჰქონდა მხოლოდ ხმები დაკლებული, - თუ არ ვცდები, 13 ხმაზეა საუბარი. და ამ ყველაფერს ესწრებოდნენ და ეთანხმებოდნენ პრაქტიკულად, იმიტომ, რომ პრეტენზიები შიგნით, გადათვლის დროს არ განუცხადებიათ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც პარალელურად საოლქო კომისიების შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე მიტინგს და დესტრუქციას აწყობდნენ. შესაბამისად, კიდევ ერთხელ, ფაქტებით დადასტურდა, რომ არავითარ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია და უმრავლეს შემთხვევაში მხოლოდ ტექნიკური ტიპის ხარვეზებთან გვქონდა საქმე" - ირწმუნება მდინარაძე.

მისივე თქმით, "ამ პროცესში ყველაზე მთავარი ის არის, რომ რადიკალური ოპოზიცია სიყალბის დასამტკიცებლად სიყალბეს იყენებს და სიყალბით ცდილობს მოგონილი სიყალბის დამტკიცებას":.

"ამისთვის, მიტინგების პარალელურად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ფეისბუქზე შექმნილი აქვს გვერდი. ჩვენ შეგვიძლია, ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ: ამ გვერდს ჰქვია „გაყალბებული ოქმები“, სადაც მოქალაქეები სიყალბის გაბათილებას და არგუმენტებით კამათს ცდილობენ, თუმცა მსგავსი კომენტარები მაშინვე იშლება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მათი ამოცანა მხოლოდ და მხოლოდ სიცრუის გავრცელება და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაა. ბრიფინგის შემდეგ შემიძლია, მედიას მოგაწოდოთ ე.წ ,,სქრინები“ იმასთან დაკავშირებით, როგორ იშლება ყველა არგუმენტი, რომელიც აბათილებს მათ სიცრუეს - ასეთი არის ათობით და ასობით. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არ არის საზოგადოებისთვის რეალური სურათის ჩვენება, სიმართლის დადგენა და არჩევნების ობიექტური შედეგის მიღება. მათი მიზანია, არჩევნები გამოიყენონ საბაბად და შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა, თითქოს რაიმე გაყალბებას ჰქონდა ადგილი და ამის საფუძველზე, მათი აზრით, რევოლუციური სცენარის განვითარებისთვის ქმნიან საფუძველს, რაც არ გამოუვათ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S