Accentnews.ge
ივანიშვილის რეზიდენციასთან სროლის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ივანიშვილის რეზიდენციასთან სროლის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

06/11/2020 14:04:56 სამართალი

მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან სროლის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1983 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ა.რ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, თბილისში, სოლოლაკში, მარო მაყაშვილის აღმართზე, ბიზნესცენტრთან მდებარე საავტომობილო გვირაბში ავტომანქანით გადაადგილების დროს რამდენიმე გასროლა განახორციელა. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია სავარაუდოდ, ხმოვანი პისტოლეტი და მასში მოთავსებული 2 აირის ვაზნა. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 6 გასროლილი მასრა, რომლებსაც ექსპერტიზა უტარდება. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 3-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", – ნათქვამია შსს–ს იერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ რეზიდენციასთან მყოფი აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ სროლის ხმა დაახლოებით ხუთჯერ გაისმა:

"ვიღაცამ გაისროლა. ალბათ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო. ამოიარა მანქანით. ვერ დავინახეთ, თუმცა ამ ყველაფრის დაფიქსირების საშუალება აქვს კამერას, რომელიც იქ ყოველ ნაბიჯზეა. დაახლოებით 5-ჯერ გაისროლა ვიღაცამ აქ მყოფი დემონსტრანტების დასაშინებლად".

ცნობისთვის: დღეს ოპოზიციის მხარდამჭერებმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ივანიშვილის რეზიდენციასთანაც გაპროტესტეს.

საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. ოპოზიცია თბილისში 8 ნოემბერს მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S