
"პატრიოტთა ალიანსმა" გეგმები კვლავ შეცვალა
06/11/2020 14:30:13 საშინაო პოლიტიკა
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" განცხადებით, პარტიამ "პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით" 7 ნოემბრისთვის ქუთაისში დაანონსებული აქციაც გააუქმა.
„ვოთსაფის“ სისტემით მივიღე ხმოვანი გზავნილი პირისგან, რომელიც ინტერესდებოდა, როგორ ჩატარდა საქართველოში არჩევნები. ხმოვან გზავნილში მოქალაქე აღნიშნავს, რომ მიკავშირდება გროზნოდან და მისი სახელი და გვარი არის საიდ ახმედი. არანაირ საიდ ახმედს არ ვიცნობ. ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია! გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ ჯერ - თბილისში, თავისუფლების მოედანზე გეგმავდნენ ჩვენს წინააღმდეგ პროვოკაციებს, ამიტომაც გადავიტანეთ აქცია ქუთაისში. ახლა გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ ქუთაისშიც იგეგმება პროვოკაციები ჩვენს წინააღმდეგ. ვინ გეგმავს ამ პროვოკაციებს დღეს - ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებ. ძალიან მალე მოვა დრო და ყველაფერი ნათელი გახდება. პოლიტსაბჭომ იმსჯელა და მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით გავაუქმოთ ქუთაისის აქციაც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ იქნება საპროტესტო აქციები. ჩვენ ვიღებთ რამდენიმეკვირიან პაუზას, რათა თავიდან ავიცილოთ პროვოკაციები და ბრალდებები რუსულ კვალთან ან რაიმე შეთქმულებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა და სამართალდამცველებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის: "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" პირველ აქციას 7 ნოემბერს, 17:00 საათზე თბილისში, თავისუფლების მოედანზე გეგმავდა.
საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, თუმცა დამკვირვებლებმა რიგ დარღვევებზეც მიუთითეს:
„იყო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები. შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ საარჩევნო უბნებთან, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე იყო ბრალდებები, რომ სახელმწიფოსა და პარტიას შორის მკვეთრი გამიჯნვა არ ხდებოდა“.
საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.