"კონკრეტული პირები არასასურველი საარჩევნო შედეგის დადგომის შემთხვევაში ხელისუფლების დამხობას გეგმავდნენ"
06/11/2020 16:51:01 სამართალი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, "კონკრეტული პირები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველი შედეგის დადგომის შემთხვევაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას გეგმავდნენ".
"აქცენტი" სუს–ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, 2020 წლის 1 ოქტომბერს, დაიწყო გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, კონკრეტული პირები, საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში, გეგმავდნენ მოეხდინათ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, რა მიზნითაც ყოფილი სამართალდამცავი და სამხედრო მოსამსახურეების რიგებიდან აკომპლექტებდნენ მობილურ ჯგუფებს. გამოძიების ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხნენ მოწმეები, მათ შორის ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გასული სიუჟეტის რესპონდენტები, რომლებმაც გამოძიებას გარკვეული სახის ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე გამოიკითხა საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე, რომელმაც გამოძიებას მის ხელთ არსებული, იმ დაჯგუფებათა სია წარუდგინა, რომელთა გამოყენებას კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები საარჩევნო პერიოდში ძალადობრივი ქმედებების განსახორციელებლად აპირებდნენ. გამოძიების ფარგლებში დადგინდა და გამოიკითხა მოქალაქე, რომელმაც საქართველოს პარლამენტის წევრს ზემოაღნიშნული სიები მიაწოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება მტკიცებულებების შეკრების და დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების მიზნით. ნებისმიერ არაკონსტიტუციურ, უკანონო ქმედებაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოახდენს შესაბამის რეაგირებას".
ინფორმაციისთვის: 30 ოქტომბერს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ენმ არეულობისთვის ემზადებოდა და ელექტროშოკებით აღჭურვილ ჯგუფებს ამზადებდა.
იმავე დღეს შსს–მ სპეციალური განცხადება გააკეთა ფაქტების მოკვლევის დაწყების თაობაზე:
"30 ოქტომბერს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, რომელიც ეხება არჩევნების პერიოდში გარკვეული ოპოზიციური ძალების მიერ პროვოკაციების მოწყობას, ასევე, საჯაროდ დასახელებულ კონკრეტულ პირებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტების შესწავლა დაიწყო. ჩატარდება ყველა საჭირო ღონისძიება, მათ შორის გამოკითხვები".
სუს–ის 6 ნოემბრის განცხადებიდან კი ირკვევა, რომ გამოძიება უწყებაში 1 ოქტომბერს დაწყებულა.


