
"ოცნება" ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალებაში ენმ–ის აქტივისტებს ადანაშაულებს და სს საქმის აღძრვას მოითხოვს
07/11/2020 11:30:37 საშინაო პოლიტიკა
"ქართული ოცნება" ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალებაში ენმ–ის აქტივისტებს ადანაშაულებს და სს საქმის აღძრვას მოითხოვს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ხელაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი დაიღუპა. იგი ამ სამსახურში 2006 წლიდან მუშაობდა. გობეჯიშვილი 43 ასაკში გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები გუშინ რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით რეპრესიებით ემუქრებოდნენ. ერთ–ერთი ამგვარი ზეწოლის შემთხვევა განხორციელდა სწორედ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა. ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცველებს, დაუყოვნებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით", – განაცხადა ხელაშვილმა.
ცნობისთვის: ბოლო 3 დღეა, ქვეყნის მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრანტები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებენ. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია და ხელახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.