TI განმარტავს, რა შემთხვევაში აქვს პოლიციას სპეცსაშუალებების გამოყენების უფლება
08/11/2020 19:25:11 სამართალი
„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ ცსკ-სთან მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ აქციაზე, სადაც ადამიანების მცირე რაოდენობა იდგა, სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი სათანადო საფუძვლისა და გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს.
TI-ში აცხადებენ, რომ პოლიციის ქმედებები, შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების უხეშ დარღვევად შეიძლება, შეფასდეს.
"კანონმდებლობის მიხედვით, პოლიციას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია იძულების პროპორციული ღონისძიებების გამოყენება და ისიც იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას. ფიზიკური ძალის ან სპეციალური საშუალებების გამოყენების წინ პოლიცია ვალდებულია, გააფრთხილოს პირები და მათ მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. თავის მხრივ, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენება დასაშვებია წესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, პოლიციელებზე ან სახელმწიფო ობიექტებზე მასობრივი და ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად. იმ ფონზე, როდესაც გამოჩნდა კრიზისული სიტუაციიდან მოლაპარაკებებით გამოსვლის პერსპექტივა და ოპოზიციამ გარკვეული მოთხოვნების შესრულების პირობით მოლაპარაკებების დაწყებაზე მზაობა განაცხადა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ იმოქმედოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით. აქციის მონაწილეებს, რომლებსაც პროტესტის გამოხატვის ლეგიტიმური საფუძველი აქვთ, უნდა მიეცეთ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა", - ნათქვამია განცხადებაში.
"საერთაშორისო გამჭირვალობაში" აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ამ პროცესში უნდა იმოქმედოს კანონის სრული დაცვით, ხოლო აღნიშნულ სიტუაციაში ყველას ვალდებულებაა, შეინარჩუნოს სიმშვიდე და არ დაამძიმოს ისედაც კრიზისული სიტუაცია.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მისული საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა, რის შედეგადაც რამდენიმე მომიტინგე დაშავდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დარბევის დაწყებამდე ისინი სამართალდამცველებს არ გაუფრთხილებია.
მოგვიანებით შსს–მ სპეციალური ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მომიტინგეთა შეჭრისგან დაცვით ახსნა და განაცხადა, რომ პროპორციული ძალა გამოიყენეს.


