
"Human Rights Watch"-ის წარმომადგენელი: "პოლიციის მიერ ძალის გამოყენება მოქალაქეების ლეგიტიმურ წუხილზე ადეკვატური პასუხი არ არის"
08/11/2020 20:50:18 საშინაო პოლიტიკა
ადამიანის უფლებებზე მომუშვე საერთაშორისო ორგანიზაციის "Human Rights Watch"-ის დირექტორი ევროპასა და შუა აზიაში გიორგი გოგია თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "პოლიციის მიერ ძალის გამოყენება მოქალაქეების ლეგიტიმურ წუხილზე ადეკვატური პასუხი არ არის".
"ხელისუფლებამ ხელისუფლებამ უნდა სცადოს სიტუაციის განმუხტვა. პოლიციის მიერ ძალის გამოყენება მოქალაქეების ლეგიტიმურ წუხილზე ადეკვატური პასუხი არ არის. პროტესტი რჩება მშვიდობიანი და გაფრთხილების მიუხედავად, ამ ეტაპზე პოლიციას არ აქვს იმის მიზეზი, რომ ძალადობრივად შეზღუდოს შეკრების თავისუფლება", – წერს გოგია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: დღეს თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიციამ სამი მოთხოვნა – ხელახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება; ცსკ–ის თავმჯდომარის გადადგომა და კომისიების სამართლიანი წესებით დაკომპლექტება; პოლიტპატიმრების გათავისუფლება – წამოაყენა და ხელისუფლებას გადაწყვეტილების მისაღებად ვადა 20:00 საათამდე მისცა.
20:00სთ–ზე ენმ–ის ერთ–ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მომიტინგეებს მიმართა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონტაქტზე სახელისუფლებო გუნდის წევრები ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე გავიდნენ და 9 ნოემბრისთვის დიალოგი შესთავაზეს. ამის შემდეგ მელიამ დემონსტრანტებს ცსკ–ის შენობასთან გადანაცველებისკენ მოუწოდა:
"ახლა ყველამ ერთად უნდა გადავინაცვლოთ და "კომენდანტის საათი" დავუწესოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობას: იქ ვერავინ შევა და იქიდან ვერავინ გამოვა!“.
დემონსტრანტები ცსკ–ის შენობასთან მივიდნენ. პოლიციასთან შეხლა–შემოხლის შემდეგ სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები დაშალეს. მომიტინგეები აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე დემონსტრანტი. მოგვიანებით, შსს–მ განაცხადა, რომ პოლიციას გაზი არ გამოუყენებია. ადგილზე აქციის მონაწილეები და ძალოვანები ამ დრომდე რჩებიან.