Accentnews.ge
საერთაშორისო მედია: "სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გაფრთხილების გარეშე გამოყენებით დაშალა"

საერთაშორისო მედია: "სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გაფრთხილების გარეშე გამოყენებით დაშალა"

09/11/2020 05:24:17 საშინაო პოლიტიკა

საერთშორისო მედია 8 ნოემბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და წერს, რომ სამართალდამცველებმა ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მშვიდობიანი აქცია დაშალეს.

"ადგილობრივი ტელეარხების მიერ მოვლენების პირდაპირ ეთერში გაშუქებისას ჩანდა, რომ სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გაფრთხილების გარეშე გამოყენებით დაშალა. აღნიშნული დემონსტრანტების განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმად, ისინი ცსკ–ის შენობის ბლოკირებას გეგმავდნენ", – წერს სააგენტო "ფრანს პრესი".

მისივე ცნობით, "სამართალდამცველები წყლის ჭავლს მცირე მანძილიდან დამიზნებით მიმართავდნენ ჟურნალისტებისკენ, რომლებიც საპროტესტო აქციას აშუქებდნენ. აღნიშნულის შედეგად ერთ–ერთ ოპერატორს თვალი დაუზიანდა".

როგორც გამოცემა აღნიშნავს, აქციაზე, რომელიც თავდაპირველად თბილისში, პარლამენტის შენობასთან გაიმართა, დაახლოებით 45 000 დემონსტრანტი იმყოფებოდა.

"მათ სამი მთავარი მოთხოვნა აქვთ: ხელახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება; ცსკ–ის თავმჯდომარის გადადგომა და კომისიების სამართლიანი წესებით დაკომპლექტება; პოლიტპატიმრების გათავისუფლება. დემონსტრანტების უმეტესობა პირბადეს ატარებდა", – წერს გამოცემა.

"ფრანს პრესი" "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის მიერ წუხანდელ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებასაც ციტირებს:

"უკანონო შეკრების მონაწილეებს მოვუწოდებ, თავი შეიკავონ უკანონო ქმედებებისგან. კრიმინალები ციხეში მალე მოხვდებიან".

8 ნოემბრის მოვლენებს BBC-ც ეხმიანება, თუმცა "ფრანს–პრესისგან" განსხვავებით, გამოცემა წერს, რომ დემონსტრანტების დასაშლელად ქართველმა სამართალდამცველებმა მხოლოდ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

"პოლიციამ დემონსტრანტები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებენ, წყლის ჭავლით დაშალა", – წერს BBC.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ოპოზიცია აქციების გაგრძელებას კვლავ გეგმავს და იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრის 22:00სთ–დან ქვეყანაში გადაადგილება იზღუდება. ამ შეზღუდვის მიზეზად საქართველოში არსებული ეპიდვითარება სახელდება.

ორივე ხსენებული მედიასაშუალება ციტირებს საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარ შეფასებას, რომლის თანახმად, "31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო", თუმცა გამოცემების ცნობით, დამკვირვებლებმა რიგ დარღვევებზეც მიუთითეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მომიტინგეთა წინააღმდეგ ცრელსადენი ან სხვა რაიმე ტიპის გაზის გამოყენების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

ცნობისთვის: საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S