„თუ საზოგადოება  ნებას არ დაკარგავს, დასავლეთიდან ის იმპულსები მოვა, რომელიც ბიძინას ყველაზე მეტად აშინებს“

09-11-2020 12:45:34 საზოგადოება ,კომენტარი

მხატვარ გია ბუღაძის შეფასებით, სახელისუფლებო გუნდს მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი და პათოლოგიური შიშები ამომძრავებს.

„როდესაც ადამიანი ყველა ზღვარს გადალახავს, ყველაფერი შეიძლება, ჩაიდინოს. ვფიქრობ, უარესსაც ჩაიდენს – ყველაფერზე წამსვლელია“,– აღნიშნა ბუღაძემ ცსკ–ის შენობასთან 8–9 ნოემბერს განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

ბუღაძე იმ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ მომიტიმგეთა დაშავებულ ნაწილს დაზიანებები სახის არეში აღენიშნებათ:

„ჩემთვის სიმბოლური მნიშვნელობისაა, რომ თველებში ურტყამენ და აბრმავებენ ხალხს: მას [„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს – რედ.]ურჩევნია, საქართველოში ბრმა ხალხი ცხოვრობდეს, რომ მხოლოდ მას ხედავდნენ და იგი მართავდეს ყველაფერს. ეს პოლიცია კი პოლიცია არაა!“.

ბუღაძის ანალიზით, იმისთვის, რომ პროტესტმა მიზანს მიაღწიოს, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამისთვის კი პროაქტიურობაა აუცილებელი:

„სიტუაცია დალაგებისკენ აუცილებლად წავა, მაგრამ ჩვენგან აქტივობა მოითხოვება: ჩვენ ფონს გასვლას ვერ მოვახერხებთ, თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები საქმის კურსში ბოლომდე არ ჩავაყენეთ – მათ გარეშე ეს საქმე არ გამოვა! ბიძინა ბელარუსის სცენარს ათამაშებს! თუ ქართული საზოგადოება ნებას არ დაკარგავს, არ შეწყვეტს მოქმედებას, დასავლეთიდან მოვა ის იმპულსები, რომელიც ბიძინას ყველაზე მეტად აშინებს: ეს არის სანქციები“.

ცნობისთვის: პოლიციამ 8 ნოემბერს ცსკ–ის შენობასთან წყლის ჭავლი და სავარაუდოდ, „წიწაკის სპრეი“ ინტენსიურად გამოიყენა. შედეგად დაშავდნენ მოქალაქეები და მედიის წარმომადგენლები. მათ დაზიანებები ძირითადად სახის არეში აღენიშნებათ, ნაწილმა ქიმიური დამწვრობა მიიღო და მხედველობის პრობლება შეექმნა.

შსს ირწმუნება, რომ მომიტინგეთა წინააღმდეგ პროპორციული ძალა გამოიყენა, სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი სპეცსაშუალებების გაუფრთხილებლად გამოყენებას, მით უფრო პანდემიისა და ჰაერის დაბალი ტემპერატურის პირობებში, არაპროპორციულ ძალად აფასებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები