
"მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და უნდა გვახსოვდეს, რომ ესეც ჩვენი ამომრჩევლის დავალებაა"
09/11/2020 09:05:34 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პოლიტიკური პროცესები "სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე" უნდა დაბრუნდეს.
„რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში მშვიდობას და დემოკრატიას ალტერნატივა არ აქვს. ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო გუშინ, ჩვენივე ინიციატივით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინიციატივით და მათი დახმარებით, სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ესეც ჩვენი ამომრჩევლის დავალებაა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე შეფასებით, ოპოზიციის ნაწილი "ყველანაირი პასუხისმგებლობისგანაა დაცლილი":
"ჩვენ გუშინ ვნახეთ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ჩვეულებრივი მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შტურმის მცდელობა და რაც მთავარია, პოლიციელების და ექიმების შეურაცხყოფა - ხალხის, რომელზეც დღეს ფაქტობრივად დგას ეს ქვეყანა და სხვადასხვა მიმართულებით კრიზისებთან ბრძოლა. ფაქტობრივად, სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირი მოწოდება იყო. ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს და ეს არ არის მხოლოდ სამართალდამცავი სისტემის ამოცანა - სახელმწიფოს რეაქცია უნდა იყოს ლეგიტიმური და უმკაცრესი".
„ქართული ოცნება“ მზადაა, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ოპოზიციასთან ერთად დასხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.
ცნობისთვის: 8 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა ცსკ–სთან გადაინაცვლეს. სპეცრაზმმა ცსკ–სთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა, წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.