Accentnews.ge
„როგორმე უნდა შევჩერდეთ და გამოსავალი ვიპოვოთ"

„როგორმე უნდა შევჩერდეთ და გამოსავალი ვიპოვოთ"

09/11/2020 09:50:09 საშინაო პოლიტიკა

პარტია “ლელოს” წევრი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, "პოლიტიკური მოვლენები ისეთ კალაპოტში მოექცა, რომ ყველანი – მართლებიც და მტყუანებიც – ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესში იღებენ მონაწილეობას".

მისი შეფასებით, ახლა გამოსავალი ახალი არჩევნების ვადებზე და პირობებზე შეთანხმებაა:

“როგორმე უნდა შევჩერდეთ და გამოსავალი ვიპოვოთ. გამოსავალია ახალი არჩევნების ვადებზე და პირობებზე შეთანხმება და მისი საერთაშორისო ინსტრუმენტებით გამაგრება. ასეთი შეთანხმების მიღწევა რთული საქმეა, რადგან ჩვენში პოლიტიკურ ვაჟკაცობად სხვისი განადგურება მიიჩნევა და არა სხვასთან ერთად სწორ გზაზე დადგომა. დღეიდან მხოლოდ ამ რთულ საქმეს მოვახმარ შერჩენილ ადამიანურ და პოლიტიკურ რესურსს – დავურეკავ, ვუპასუხებ, შევხვდები, მოვუსმენ, შევთავაზებ… ჩემი საჯარო აქტიურობაც ამ საქმის ინტერესებს დაექვემდებარება”, – წერს უსუფაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: 8 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა ცსკ–სთან გადაინაცვლეს. სპეცრაზმმა ცსკ–სთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა, წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S