
“სირცხვილია” 22:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვას არ დაემორჩილება
09/11/2020 11:13:42 საშინაო პოლიტიკა
მოძრაობა “სირცხვილია” 22:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვას არ დაემორჩილება. ამის შესახებ მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"კიდევ ერთხელ მოგმართავთ ბიძინა ივანიშვილო! ჩვენ შენი არ გვეშინია. შენი მხოლოდ შენს დაქვემდებარებულ მონებს ეშინიათ. ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ, ვინც ყველაფრის მიუხედავად, გამოვალთ გარეთ და ხმას შევუერთებთ მშიერ რაინდებს და საპროტესტო წერილებზეც მივაწერთ სახელს… შენი დღეები დათვლილია! არ გემორჩილებით!” – ნათქვამია “სირცხვილიას” განცხადებაში.
9 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვა ამოქმედდება. კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ღამის 10 საათიდან დილის 5საათამდე გადაადგილება შეიზღუდება.
როგორც დღეს "ქართული ოცნების" გენერალური მდივანმა კახა კალაძემ განცხადა, 22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას შესაბამისი რეაგირება მოყვება:
"აქციის გამართვი შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს. 22:00 საათის შემდეგ, რა თქმა უნდა, კანონი მოქმედებს ყველასთვის, როგორც თქვენთვის, ჩემთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის".
ოპოზიცია თბილისში, პარლამენტის წინ აქციის გამართვას დღეს,18:00 საათზე გეგმავს.
ცნობისთვის: 8 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით, დემონსტრანტებმა ცსკ–სთან გადაინაცვლეს. სპეცრაზმმა ცსკ–სთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა, წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.
ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აღნიშნული მოთხოვნით აქციების გამართვა ყოველდღიურ რეჟიმშია დაგეგმილი. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.