
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ პროტესტი განახლდა
09/11/2020 14:09:20 საშინაო პოლიტიკა
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ პროტესტი განახლდა. დემონსტრანტები ადგილზე ოპოზიციის ლიდერების მისვლას ელოდებიან.
ამ დროისთვის ოპოზიცია პარტია "ლელოს" ოფისში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით შეხვედრას მართავს.
ცნობისთვის: პარლამენტის შენობის წინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობისა და ხელახალი არჩევნების დანიშნვის მოთხოვნით აქცია მეორე დღეა, იმართება. ამასთან, აქციის მონაწილეები ცსკ–ის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომასაც მოითხოვენ.
9 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვა ამოქმედდა. კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ღამის 22:00-დან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.
როგორც დღეს "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განცხადა, 22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას შესაბამისი რეაგირება მოყვება: "აქციის გამართვის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს. მაგრამ 22:00 საათის შემდეგ, რა თქმა უნდა, კანონი მოქმედებს ყველასთვის".