Accentnews.ge
ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილი აქციაზე 22:00სთ–ის შემდეგაც აპირებს დარჩენას

ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილი აქციაზე 22:00სთ–ის შემდეგაც აპირებს დარჩენას

09/11/2020 15:19:15 საშინაო პოლიტიკა

ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილი აცხადებს, რომ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე 22:00 სთ–ის შემდეგაც დარჩება, თუმცა სხვებს ამისკენ არ მოუწოდებს.

"ვაპირებთ, მშვიდობიანი პროტესტი გავაგრძელოთ. ამაზე არსებობს აბსოლუტური კონსენსუსი ოპოზიციაში. გვესმის, რომ არის შეზღუდვები. ჩვენ არ ვაპირებთ, დავემორჩილოთ ამ შეზღუდვებს, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს არა ეპიდემიოლოგიური, არამედ პოლიტიკური შეზღუდვებია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა დააწესა. თუმცა, რა თქმა უნდა, ვერც ერთ ადამიანს ვერ ვეტყვით და ვერ მოვუწოდებთ, შეზღუდვებს არ დაემორჩილონ", – განაცხადა ენმ–ის წევრმა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი პოზიცია დააფიქსირეს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ირმა ნადირაშილმა, პარტია “მოქალექეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, ცნობილია, რომ მოძრაობა "სირცხვილია" 22:00 სთ–ის შემდეგ დაუმორჩილებლობის აქციის გამართვას გეგმავს.

ცნობისთვის: პარლამენტის შენობის წინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობისა და ხელახალი არჩევნების დანიშნვის მოთხოვნით აქცია მეორე დღეა, იმართება. ამასთან, აქციის მონაწილეები ცსკ–ის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომასაც მოითხოვენ.

9 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვა ამოქმედდა. კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ღამის 22:00-დან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება. შეზღუდვის დამრღვევი პირი 2000 ლარით დაჯარიმდება.

როგორც დღეს "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განცხადა, 22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება: "აქციის გამართვის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ 22:00 საათის შემდეგ, რა თქმა უნდა, კანონი მოქმედებს ყველასთვის".

ოპოზიცია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს. საარჩევნო ბარიერგადალახულმა 8 პარტიამ ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"; "ევროპული საქართველო"; "გირჩი"; "ლელო"; "გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი"; "ლეიბორისტული პარტია"; "მოქალაქეები"; "პატრიოტთა ალიანსი") უარი თქვა როგორც სადეპუტატო მანდატებზე, ისე არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე. ოპოზიცია აქციების შეწყვეტას არ აპირებს. თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან ცალკე იმოქმედებს და აქციებსაც ცალკე გამართავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S