
ოპოზიციამ სამომავლო გეგმა განასაჯაროვა
09/11/2020 16:37:23 საშინაო პოლიტიკა
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ოპოზიციამ შეკრებილთ სამოქმედო გეგმა გააცნო.
"უამრავი საპროტესტო აქცია გაიმართება სხვადასხვა წერტილებში ყოველდღიურად. ხოლო შაბათს, 15:00 სთ–ზე რუსთაველის გამზირზე მასშტაბური მიტინგი უნდა ჩავატაროთ. 21 ოქტომბერს კი რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს გავაკეთებთ", – განუცხადა დემონსტრანტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, "უკან დახევა არ იქნება და ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება":
"არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა არავის, რომ ეს მუხტი და შემართება ნებისმიერი შეზღუდვით, ნებისმიერი წნეხით ჩაკლას. ვერ ჩაკლავს! რომ დაგვხოცოთ, რომ გაგვანადგუროთ, სხვა გამოვა. მე დამიჭერ? მე გამანადგურებ? მამაჩემი გამოვა, დედაჩემი გამოვა, ოჯახის წევრები გამოვლენ და ყველანი დავდგებით აქ! ისტორია იწერება აქ და ჩვენ ამ ყველაფრის შემოქმედნი ვართ".
როგორც მელიამ აღნიშნა, 22:00 საათის შემდეგ მიტინგზე დარჩენა/არდარჩენის გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებმა ინდივიდუალურად უნდა მიიღონ, ხოლო თავად ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად ადგილზე 22:00 საათის შემდეგაც დარჩება:
"აქ ახალგაზრდების ნაწილი რჩება და ჩვენ მათ ვერ მივატოვებთ. ადგილზე ახალგაზრდების საკმარისი რაოდენობა რჩება პოლიტიკოსებთან ერთად და ვნახოთ, რას მოიმოქმედებს კიდევ ეს რეჟიმი".
ცნობილია, რომ მოძრაობა "სირცხვილია" 22:00 სთ–ის შემდეგ დაუმორჩილებლობის აქციის გამართვას გეგმავს.
ცნობისთვის: პარლამენტის შენობის წინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობისა და ხელახალი არჩევნების დანიშნვის მოთხოვნით აქცია მეორე დღეა, იმართება. ამასთან, აქციის მონაწილეები ცსკ–ის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომასაც მოითხოვენ.
9 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვა ამოქმედდა. კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ღამის 22:00-დან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება. შეზღუდვის დამრღვევი პირი 2000 ლარით დაჯარიმდება.
როგორც დღეს "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, 22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება: "აქციის გამართვის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ 22:00 საათის შემდეგ, რა თქმა უნდა, კანონი მოქმედებს ყველასთვის".