Accentnews.ge
სომხური ოპოზიცია ყარაბაღში მარცხის გამო ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს

სომხური ოპოზიცია ყარაბაღში მარცხის გამო ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს

09/11/2020 19:07:59 კავკასია

სომხეთის ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდეს.

„გარდაუვალი დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით, შექმნილი კატასტროფული ვითარებიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, ნებაყოფლობით დატოვოს პოსტი პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და მისმა მთავრობამ. მოვითხოვთ, სასწრაფოდ შეიქმნას აღმასრულებელი ორგანო, რომელიც გადაჭრის სამხედრო-პოლიტიკურ პრობლემებს და მოახერხებს ამ სიტუაციის გარღვევას“, - ნათქვამია სომხეთის 17 ოპოზოციური პარტიის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა.

ცნობისთვის: რამდენიმე საათის წინ ყარაბაღის “პრეზიდენტის” პრეს-მდივანმა ვაგრამ პოღოსიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება და აცნობა მოსახლეობას, რომ "მთიანი ყარაბაღის ჯარი ქალაქ შუშის [სომხური სახელწოდება - რედ.] აღარ აკონტროლებს და აზერბაიჯანული ჯარი უკვე სტეპანაკერტის მისადგომებთანაა".

«სამწუხაროდ, წარუმატებლობა თან გვდევს და ქალაქ შუშიზე კონტროლი სრულად დავკარგეთ. მტერი სტეპანაკერტის მისადგომებთანაა და უკვე დედაქალაქის არსებობასაც შეექმნა საფრთხე. თუ შუშის დაბრუნება და არცახის შენარჩუნება გვსურს, მთელი ძალისხმევა სტეპანაკერტისა და ფრონტის სხვა მიმართულებების დაცვისკენ უნდა მივმართოთ. ეს წარმატების რეალური და სანდო საწინდარია», – დაწერა პოღოსიანმა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მანამდე ქალაქ შუშას აღების შესახებ აზერბაიჯანის ლიდერმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. თუმცა ერევანსა და სტეპანაკერტში ბოლო წუთამდე ირწმუნებოდნენ, რომ ეს არ მომხდარა და რომ შუშას მიდამოებში ბრძოლები გრძელდებოდა. დღეს კი აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებიც შუშაში აზერბაიჯანული დროშების ფრიალს ასახავს.

შუშა (სომხ. - შუში) ყარაბაღის ერთ-ერთი საკვანძო ქალაქია, რომელიც დედაქალაქ სტეპანაკერტიდან 11 კმ-შია განლაგებული.

მთიან ყარაბაღში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა რამდენიმე რაიონზე. ორივე მხარეს დაღუპულია ასეულობით ადამიანი, მათ შორის – მშვიდობიანი მოქალაქეები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S