შსს: „ვინც რეგულაციებს არღვევს, ხდება იდენტიფიცირება და დაჯარიმდება“
09/11/2020 19:10:58 სამართალი
თბილისსა და ბათუმში მიმდინარე აქციების მონაწილეებს 2 000–ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ, – აცხადებენ შსს–ში და მოქალაქეებს დადგენილი რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.
"საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის N670 დადგენილებით, ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე აიკრძალა პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა. მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ დადგენილ რეგულაციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით აკრძალულ ქმედებას და იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით ფიზიკური პირებისათვის და 10 000 ლარით იურიდიული პირებისათვის. შესაბამისად, ვინც არღვევს დადგენილ რეგულაციებს, ხდება მისი იდენტიფიცირება და დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 2000 ლარიანი ჯარიმის სახით", - აცხადებენ შსს-ში.
9 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვა ამოქმედდა. კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ღამის 22:00-დან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება. შეზღუდვის დამრღვევი პირი 2000 ლარით დაჯარიმდება.
როგორც დღეს "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, 22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება: "აქციის გამართვის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს, მაგრამ 22:00 საათის შემდეგ, რა თქმა უნდა, კანონი მოქმედებს ყველასთვის".
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა "სირცხვილია" დაუმორჩილებლობის აქციას მართავს. ამასთან, ბათუმში ოპოზიციის მიტინგი 22:00 საათის შემდეგაც გაგრძელდა.


