
სააკაშვილი – ოპოზიციონერ ლიდერებს: „თქვენს გადაწყვეტილებებს ველი“
09/11/2020 20:43:54 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თუ ოპოზიციურ ერთობას ხელს არ შეუშლის, ქვეყანაში დაბრუნდება.
ამასთან, როგორც სააკაშვილი საკუთარ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, „პარლამენტის ლეგალიზაცია ხალხმა არ უნდა დაუშვას“.
"რაც შეეხება ჩემს ჩამოსვლას, ჩვენ არ უნდა დავუშვათ პარლამენტის ლეგალიზაცია. ვიხილავ ამ საკითხს, რომ მანამდე თარიღი გამოვაცხადო, ავიღო თვითმფრინავის ბილეთი, სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებთან, პარლამენტის წევრებთან ერთად... მე არაფრის მეშინია! თუ იმ დროისთვის ქართველი ხალხი მათ იმდენად მოარყევს, რომ ვერ გაბედონ ჩემი დაპატიმრება, ძალიან კარგი – უფრო ადვილი იქნება. თუ არადა, არაფრის მეშინია! თანამდებობა არ მსურს – გამარჯვების შემთხვევაში რაც არ უნდა შემომთავაზონ, უარს ვიტყვი. [...] თუ ოპოზიცია გადაწყვეტს და ჩემი ჩამოსვლით ხელს არ შევუშლი, რა თქმა უნდა, სანამ მათი პარლამენტის ინაუგურაცია იქნება, დაბრუნების ლეგალური უფლება მაქვს. თქვენს გადაწყვეტილებებს ველი. არ მინდა, ოპოზიციის ერთიანობა დავარღვიო. იმედია, იმ დროისთვის საკმარისად ძლიერები იქნებით, რომ მათ ჩემთვის ხელის შეშლა ვერ შეძლონ. ახლა უკვე წყალი აქვთ შეყენებული. სპეცრაზმი უკეთესი ჰყავთ, ვიდრე შევარდნაძეს, იმიტომ, რომ ჩემი შექმნილია. მე როდესაც 2007 წელს ეს სპეცრაზმი გამოვიყენე, გადავდექი, ვადა წელიწადნახევრით შევიმცირე. 2008 წელს ძლივს მოვიგე, 2%-ით გავძვერი პირველ ტურში და 2012 წელს ხელისუფლება გადავაბარე მშვიდობიანად – ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
ცნობისთვის: პარლამენტის შენობის წინ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობისა და ხელახალი არჩევნების დანიშნვის მოთხოვნით აქცია მეორე დღეა, იმართება. ამასთან, აქციის მონაწილეები ცსკ–ის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომასაც მოითხოვენ.