გოგი ხოჭოლავა და რუსუდან გოცირიძე 2 000–2 000 ლარით დააჯარიმეს
09/11/2020 21:04:06 სამართალი
ცსკ–სთან მიმდინარე აქციის დაშლისას დაშავებული სამოქალაქო აქტივისტი გოგი ხოჭოლავა და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე 2 000–2 000 ლარით დააჯარიმეს.
როგორც დაჯარიმებულები განმარტავენ, ორივე მათგანი „ტვ პირველის“ ეთერში იყო სტუმრად რუსთაველზე მიმდინარე აქციების გამო პარლამენტის წინ მოწყობილ სტუდიაში, ჰქონდათ შესაბამისი საშვიც, თუმცა პოლიციამ ისინი ქაშუეთის მიმდებარედ შეაჩერა, საშვი არ სცნო და ორივე დააჯარიმა.
„უხერხულობას ვგრძნობდით, რომ მოწვეული სტუმრები ვიყავით და მთავრობამ ეს უხერხულობა მოგვიხსნა. მადლობა“,– განაცხადა ხოჭოლავამ და დასძინა, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
9 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვა ამოქმედდა. კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ღამის 22:00-დან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება. შეზღუდვის დამრღვევი პირი 2000 ლარით დაჯარიმდება.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა "სირცხვილია" დაუმორჩილებლობის აქციას მართავს. ამასთან, ბათუმში ოპოზიციის მიტინგი 22:00 საათის შემდეგაც გაგრძელდა.


