Accentnews.ge
ლევან იზორია ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

ლევან იზორია ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

27/06/2019 13:10:31 სხვა, თავდაცვა, რეკლამა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში იმყოფება, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინა ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მასპინძლობს. ლევან იზორია დღეს ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილეს როუზ გოტმიულერს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.


თავდაცვის მინისტრმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელ პირებთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილა. ლევან იზორიას განცხადებით, ძირითადი აქცენტი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით ნატოს მეტ ჩართულობაზე გაკეთდა.


„სწორედ ამას ემსახურებოდა გასულ კვირას იტალიაში, ნატოს სარდლობაში ჩემი ვიზიტი, სადაც შევიმუშავეთ კონკრეტული, პრაქტიკული გეგმები, როგორ უნდა მოხდეს ჩვენი თანამშრომლობის უფრო მაღალ ხარისხში აყვანა“, - განაცხადა ლევან იზორიამ.


სამინისტროს ცნობითვე, შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობის მზარდი დინამიკა, თავდაცვის სფეროში განხორციელებული უპრეცედენტო რეფორმები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული სამაგალითო პროგრესი. ნატოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის გაძლიერების მიმართ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა.


„თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ლევან იზორია ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფორმატში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონეზე გამართულ სხდომას დაესწრო, ორმხრივ ფორმატში კი, შეხვედრები გამართა ჰოლანდიის, რუმინეთისა და შვედეთის თავდაცვის მინისტრებთან“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S