
მსოფლიო ლიდერები, რომლებმაც ბაიდენს აშშ–ის პრეზიდენტად არჩევა არ მიულოცეს
10/11/2020 05:40:18 მსოფლიო
აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი "დემოკრატიული პარტიის" წევრი ჯო ბაიდენი ხდება. მან გამარჯვების მოსაპოვებლად წარმომადგენელთა კოლეგიაში საჭირო 270–ხმიანი ზღვარი 7 ნოემბერს გადალახა. იმავე დღესვე მსოფლიო ლიდერების ნაწილმა ბაიდენს ქვეყნის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა, თუმცა რიგი სახელმწიფოების მმართველები მილოცვისგან თავს ამ დრომდე იკავებენ.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადებას აპროტესტებს და შედეგების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
გთავაზობთ, იმ ლიდერების სიას, რომლებსაც ბაიდენისთვის ამ დრომდე არ მიულოცავთ:
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
"ჩვენ მართებულად მიგვაჩნია, დაველოდოთ ოფიციალური შედეგების გამოცხადებას", – განაცხადა კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
კრიტიკოსები ტრამპს პუტინის მიმართ კეთილგანწყობაში ხშირად ადანაშაულებდნენ. ამასთან, რუსეთს 2016 წელს აშშ–ში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის სასარგებლოს ჩარევას ედავებიან.
რაც შეეხება ბაიდენს იგი კრემლის რეჟიმს ღიად უპირისპირდება და ცოტა ხნის წინ რუსეთი აშშ–სთვის მთავარ საფრთხედ დაასახელა.
სლოვენიის პრემიერ–მინისტრი ჟანეზ იანშა
იგი ულტრამემარჯვენე განწყობების მქონე "სლოვენიის დემოკრატიული პარტიის" წევრი და უნგრეთის პრემიერ–მინისტრ ვიქტორ ორბანის მოკავშირეა. ამ უკანასკნელმა არაერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ბატონ ტრამპის მიმართ.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის მეუღლე მელანია ტრამპი სლოვენიელია.
ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მარტ ჰელმე
მან განაცხადა, რომ აშშ–ის არჩევნები გაყალბდა. ამასთან, ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებებზე გაამახვილა ყურადღება. ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა იური რატასმა მარტ ჰელმე გააკრიტიკა და ბაიდენს გამარჯვება მიულოცა. თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია წერს, პრემიერმა შს მინისტრი თანამდებობიდან ვერ დაითხოვა, რადგან ძალაუფლების შესანარჩუნებლად ამ უკანასკნელის მხარდაჭერა ესაჭიროება.
მოგვიანებით, ჰელმემ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და აღნიშნულის მიზეზად მის მიმართ "ესტონურ მედიაში წამოწყებული ცილისწამების კამპანია" დაასახელა.
ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო
იგი ტრამპის დიდი გულშემატკივარია. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ბოლსონარო საარჩევნო ოქმების გასაჩივრების შედეგებს დაელოდება და ამის შემდეგ მიულოცავს გამარჯვებას აშშ–ის რიგით 46–ე პრეზიდენტს.
მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი
მას ტრამპთან კარგი ურთიერთობები აქვს და აცხადებს, რომ აშშ–ის პრეზიდენტის არჩევნების ოფიციალურ შედეგებს ელოდება.
ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ
ბატონი ნეთანიაჰუ კიდევ ერთი მსოფლიო ლიდერია, რომელსაც ტრამპის მიმართ კეთილგანწყობა არასოდეს დაუმალავს. მართალია, მან ბაიდენს მიულოცა, თუმცა მილოცვის ტექსტში ფრაზა – "პრეზიდენტად არჩევა" არსად ახსენა.
"მინდა, მივულოცო ბაიდენს და კამალა ჰარისს მივულოცო. თითქმის 40 წლის განმავლობაში მე მქონდა პირადი, ხანგრძლივი და თბილი ურთიერთობები ჯო ბაიდენთან და მე მას ვიცნობ, როგორც ისრაელის სახელმწიფოს დიდ მეგობარს", – ნათქვამია ნეთანიაჰუს მილოცვის ტექსტში.
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი
მან ტრამპს პრეზიდენტად არჩევა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღესვე მიულოცა. თუმცა ამჟამად ჩინეთის ლიდერს აშშ – ის არჩევნების შედეგებზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ იგი ოფიციალური შედეგების გამოცხადებას ელოდება.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი
იგი აშშ–ის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებს. აღსანიშნავია, რომ წინა არჩევნების დროს მან ტრამპს გამარჯვება არჩევნებიდან 2 დღის შემდეგ მიულოცა.
იხილეთ ასევე: ვინ არის ჯო ბაიდენი: აშშ-ის ახალი პრეზიდენტის პორტრეტი
/სტატია მომზადებულია BBC-ს მიხედვით